იძალადა თუ არა "ქართული ოცნების" დეპუტატმა თამთა თოდაძეზე - ამ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაასრულა და წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ და დღესვე განისაზღვრება არსებითი განხილვის თარიღიც.
“კურიერმა“ ბრალდების მხარის მიერ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მოიპოვა. პოლიციელების სამხრე კამერების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში აღბეჭდილია თამთა თოდაძის პირველი ჩვენება, რომელიც მან სამართალდამცველებს შემთხვევიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ მისცა. ვიდეომასალაში თამთა თოდაძე დეტალურად აღწერს იმ შემთხვევას, რომელიც მასსა და დეპუტატ ილია ჯიშკარიანს შორის მოხდა.
პროკურორი თამარ იაკობიძე აცხადებს, რომ წინასასამართლო სხდომაზე იმსჯელებენ, პროცედურულად, რამდენად სწორად არის მოპოვებული ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები.
თამთა თოდაძის ადვოკატი თამუნა ლუკავა ამბობს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულება უსაფუძვლოა.
“ორივე მხარის მტკიცებულებებს განიხილავს სასამართლო, არის თუ არა კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებები, დასაშვებობის საკითხს განიხილავს და ასევე, განიხილავს არსებითი განხილვის სასამართლოსთვის გადაცემის საკითხს და ჩანიშნავს არსებითი განხილვის სასამართლო პროცესს. ძალიან ბევრი დამატებითი მტკიცებულებები არის საქმეში, რომლებიც ბრალდების მხარემ მოიპოვა მას შემდეგ, რაც ჩვენ ბოლო სატელევიზიო ეთერი გვქონდა," - განაცხადა თამუნა ლუკავამ.