20 ივნისს დაკავებულთა მორიგი სასამართლო პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ზურაბ ბუდაღაშვილის ბრალდებებზე გამოძიება დაიწყო.
გადაწყვეტილება პროკურატურამ მას შემდეგ მიიღო, რაც 20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა ზურაბ ბუდაღაშვილმა სასამართლოს უთხრა, რომ გლდანის ციხეში მას ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ.
გამომძიებლები მასთან გლდანის ციხეში უკვე იმყოფებოდნენ, მაგრამ გადაწყდა, რომ ბუდაღაშვილი ამ საკითხზე ჩვენებას ადვოკატის თანდასწრებით მისცემს. შესაძლო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ზურაბ ბუდაღაშვილი ადვოკატის თანდასწრებით გამოიკითხება.
მანამდე კი პროკურორები და ადვოკატები სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან და პენიტენციური სისტემისგან, 2 მთავარ საკითხზე პასუხის მიღებას შეეცდებიან. პირველი ეხება, თავად ბუდაღაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას და შეეცდებიან დაადგინონ, რეალურად იყო თუ არა ვინმე შესული მასთან საკანში, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და სავარაუდოდ საგამოძიებო მოქმედებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ეს იქნება.
"დაიწყო გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე, მის მიმართ ჩვენების შესაძლო იძულებით მიცემის ფაქტზე, შესაბამისად მოცემული საქმის ფარგლებში შესაბამის პენიტენციურ დაწესებაში შესული იყო გამომძიებელი მასთან გამოკითხვის ჩატარების მიზნით, თუმცა ბრალდებულმა ინფორმაციის მიცემაზე უარი განაცხადა," - აღნიშნა პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა.
გამოძიების პარალელურად დაინტერესდებიან იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც სწორედ სკანდალური განცხადებების შემდეგ გაჟღერებულ კიდევ ერთ ბრალდებას ეხება, რომ ბუდაღაშვილს ციხეში დამატებით გარკვეული შეზღუდვები დაუწესეს.
ბესიკ თამლიანისა და ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატი პროკურატურას ბიძინა ივანიშვილის მსახურად მიიჩნევს. ვახტანგ იაშვილის თქმით, სკანდალური განცხადების შემდეგ ზურაბ ბუდაღაშვილი სამარტოო საკანში გადაიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, დაკავებულს 24 საათის განმავლობაში ესმის ხმაური, რაც ვახტანგ იაშვილის თქმით, წამების შემცველიც კი არის.
"რას უნდა ველოდოთ პროკურატურისგან, რომელიც ცალსახად კონკრეტული ოლიგარქის მსახურია? მას შემდეგ, რაც ბუდაღაშვილმა მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის და მუქარის შესახებ განაცხადა, გადაიყვანეს იმავე დღეს თუ მეორე დღეს დილით, გადაიყვანეს სხვა, სამარტოო საკანში და ფაქტობრივად წამების მეთოდებს მოჰყვეს ხელი," - აცხადებს ადვოკატი ვახტანგ იაშვილი.
შვილის შესახებ საუბრობს დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის დედა, რომლის თქმით, დაკავებულ ბუდაღაშვილს, "ნაციონალად" მოიხსენიებენ.
"სადაც ჰყავთ ახლა ზურა, გლდანში და რომ აბრახუნებს იმისთვის, რომ ვიღაცას რაღაც სიტყვა მიაწოდოს, რომ კითხულობენ სხვა პატიმრები, რა ხდება ვინ არისო, იქ ერთი ვიღაც ნაციონალიაო, აი ასე პასუხობენ. ბოლოს და ბოლოს ეს ნაციონალები როდემდე უნდა იყოს ბუა ხალხისთვის? ვინ არის ნაციონალი, რა არის ნაციონალი, არ არსებობს ჩემთვის ნაციონალი. ადამიანობას და კანონის დაცვას ვთხოულობ მე," - განაცხადა მაგული გობეჯიშვილმა.