18 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
"ბლექსტარ სტუდიოს" ფოტოგრაფები ბავშვთა პორნოგრაფიის თემაზე მომზადებულ სიუჟეტთან სავარაუდო კავშირს სიცრუეს უწოდებენ

"რუსთავი 2-ზე" გასულ მასალას სამტრედიელი ფოტოგრაფები აპროტესტებენ. მათ დღეს ქუთაისში პრესკონფერენცია გამართეს და ბავშვთა პორნოგრაფიის თემაზე მომზადებულ სიუჟეტთან სავარაუდო კავშირს სიცრუე უწოდეს.

მათი თქმით, სიუჟეტში გასული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.  "ბლექსტარ  სტუდიოს" მფლობელები აცხადებენ, რომ ისინი ამ ამბის გამო დაზარალდნენ, გაუუქმდათ კონტრაქტები, რის გამოც ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

კითხვაზე, დაინტერესდნენ თუ არა "ევროპოლის"  ინფორმაციით, თუ რატომ მოხვდა მათი სახელები ამ დოკუმენტში, პასუხობენ, რომ ამ ეტაპზე მათი უდანაშაულობის დამტკიცებით არიან დაინტერესებული.

"კურიერი" ამჯერადაც განმარტავს, რომ "ევროპოლის" წერილში, რომელიც ექსკლუზიურად იყო მოპოვებული, მითითებული იყო ფოტოსტუდიაც და თავად ფოტოგრაფებმაც, საკუთარი ნებით მისცეს ინტერვიუ "კურიერის" გადამღებ ჯგუფს და არცერთი მათგანი ფარულად ჩაწერილი არ ყოფილა.

"რუსთავი 2-ზე" გავიდა მასალა, სადაც საუბარია, რომ "ევროპოლი" ბავშვთა პორნოგრაფიის თემაზე აგრძელებს მუშაობას. მათ იმ სტუდიების მისამართები და მფლობელები დაასახელეს, სადაც გადაღებული ფოტოები საეჭვოდ მიიჩნიეს და ქართველ სამართალდაცველებს ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.

დღის ამბები