30 ნოემბერი 2022,   12:10
ვრცლად
"მე ავიღე თქვენზე პასუხისმგებლობა, რასაც შევასრულებ" - ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს

ეკატერინე ტიკარაძე, მისი უწყების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვია, სადაც სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს საავადმყოფოსთან დაკავშირებული გეგმები გააცნო და მათგან უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღო. 

"მე ავიღე თქვენზე პასუხისმგებლობა, რასაც შევასრულებ" - ასე მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს.

"ეს იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, მკვეთრად გამოიხატა სამედიცინო პერსონალის განწყობაც, რომ ისინი, მზად არიან გარკვეული გარდაქმნებისთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, რთული იქნება. დავგეგმეთ შემდეგ კვირაში დეტალური სამუშაო შეხვედრა ფინანსურ გუნდთან, უკვე ორ კვირაში ჩვენ გვექნება გარკვეული განვითარების სტრატეგია, რომელსაც ერთობლივად შევიმუშავებთ," - აღნიშნა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

შეხვედრის დადებით მხარეებზე ისაუბრა, ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან გოფაძემ.

"დაისახა ბევრი სამოქმედო გეგმა, რომელის განხორციელებისთვისაც, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე ჩვენი საავადმყოფო ყველაფერს გააკეთებს. ასევე, ან მიმართულებით სერიოზული გეგმები გვაქვს და ამ ფორმატის შეხვედრა, როგორიც დღეს იყო პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იყო იმ ექიმებისთვის, რომელიც მუშაობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში," - განაცხადა ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან გოფაძემ.

დღის ამბები