საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საერთაშორისო საზღვაო კომპანია Bernhard Schulte Shipmanagement - ის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზღვაო უსაფრთხოების ამაღლებას, მათ შორის, მეზღვაურთა კომპეტენციების უწყვეტ განვითარებას.
ხაზი გაესვა საზღვაო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს მათ შორის, საზღვაო განათლების მიმართულებით, რაც დადებითად აისახა ქართველი მეზღვაურების დასაქმების მაჩვენებელზე.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები ისეთი საკითხებში, როგორიცაა კადეტთა განვითარების პროგრამები, სიმულატორებზე დაფუძნებული სწავლება, ციფრული ნავიგაცია, უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და სხვა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კომპანიის წარმომადგენლობის გაფართოების შესაძლებლობაზე საქართველოში.
შეხვედრას დაესწრო საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე.