სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი, პაატა სალია ფინანსთა სამინისტროსთან ძველი დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე შეთანხმების მიღწევას არ ადასტურებს. სალიას თქმით, წინადადება, რომელიც ფინანსთა სამინისტროს შესთავაზეს, სამინისტრომ არ გაითვალისწინა.
რაც შეეხება ტელევიზიის ანგარიშებისთვის ინკასოს დადებას, "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი აზუსტებს, რომ ანგარიშებს შეზღუდვა მხოლოდ მიმდინარე დავალიანების გამო დაედო და ის ძველ დავალიანებას არ ეხება.
"პირველ რიგში, უნდა განიმარტოს, რომ "რუსთავი2-ის" საბანკო ანგარიშებს ინკასო მიმდინარე გადასახადის გადაუხდელობის გამო დაედო. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არ არის კანონიერი გადაწყვეტილება, ან არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, თუმცა ვამბობ, რომ დამოკიდებულება არის სამწუხარო, რადგან წინა მენეჯმენტს მიეცა შესაძლებლობა ამ დავალიანების დაგროვების, ხოლო ჩვენ, იმ ვითარებაში, როდესაც სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ და მენეჯმენტის ცვლილების შედეგად ვიხდიდით მიმდინარე გადასახადებს, რამდენიმე დღის შეფერხების გამო დაგვედო ანგარიშებზე ინკასო. ინკასო არ ეხება ძველ დავალიანებას, ინკასო ეხება მიმდინარე დავალიანებას,"- განაცხადა პაატა სალიამ.
თუ რატომ ვერ გადაიხადა ტელევიზიამ დროულად მიმდინარე გადასახადი, პაატა სალია განმარტავს, რომ ძველი მენეჯმენტის პირობებში დაგროვებული ფინანსური პრობლემების გამო, პრიორიტეტის მინიჭება იმ ვალდებულებების გასტუმრებაზე მოუწიათ, რომლის შეუსრულებლობის გამო , შესაძლებელი იყო, ტელეკომპანიის მაუწყებლობას შეწყვეტილიყო.
"ჩვენი დებიტორების მხრიდან თანხების დროულად გადაუხდელობის გამო და, რაც მნიშვნელოვანია, ხაზი მინდა გავუსვა, იმ დავალიანების შედეგად, რაც დააგროვა წინა მენეჯმენტმა, ახლა არ ვგულისხმობ საგადასახადო დავალიანებას, ვგულისხმობ დავალიანებას ისეთი სუბიექტების მიმართ, რომლებზეც სასიცოცხლოდ არის დამოკიდებული ჩვენი მუშაობა. ამ შემთვევაში, პრიორიტეტი იყო, რომ ეთერი არ გათიშულიყო, თუმცა საგადასახადო ვალდებულების გადაუხდელობა პირდაპირ არ იწვევს ეთერის გათიშვას, თუმცა იმ პირების მიმართ დაგროვილი დავალიანების გადაუხდელობა, რაც წინა მენეჯმენტის დროს ასობით ათასით და მილიონობით დაგროვდა, მათი გადაუხდელობა, იმ გრაფიკების შეუსრულებლობა, რაც შედგენილია კრედიტორებთან, პირდაპირ გამოიწვევდა მაუწყებლობის შეფერხებას, ან შეჩერებას. ამიტომ, ჩვენ პრიორიტეტი გვქონდა, გაგვეწია ის ხარჯები, რაც პირდაპირ უზრუნველყოფდა ჩვენს მაუწყებლობას და ამიტომ დაგვაგვიანდა საგადასახადო ვალდებულების შესრულება. თუმცა, ვამბობთ, რომ უახლოეს პერიოდში ამ ვალდებულებებს შევასრულებთ და, შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს ჩვენი ანგარიშები ინკასოსაგან,"- განაცხადა პაატა სალიამ.
შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს შემოსავლების სამსახურმა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ღონისძიებას მიმართა და მიმდინარე საგადასახადო დავალიანებების გამო სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2-ის", ტელეკომპანია "პირველისა" და "მაესტროს" ანგარიშებს ინკასო დაადო.
ავტორი: ქეთი ზანთარაია