პარლამენტთან დაკავებულების საქმეზე "სირცხვილიას" წევრებს და სხვა სამოქალაქო აქტივისტებს, მათ შორის ზუკა ბერძენიშვილს, ბექა ბასილაიას და ნოდარ რუხაძეს, სამართალდამცველები წვრილმან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებიან.
10 დაკავებულიდან 9 მათგანის სასამართლო სხდომა უკვე დაწყებულია. მოსამართლე ივანე მაჭავარიანი ამ წუთებში 7 პირის საქმეს განიხილავს, ხოლო 2 მათგანისას კი ნათია მერაბიშვილი.
რაც შეეხება 1 დაკავებულს, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
მოსამართლემ სასამართლო სხდომები სამ ნაწილად დაყო. ბექა ბასილაიას, ზურაბ ნადირაშვილის, ზუკა ბერძენიშვილისა და კიდევ 2 დაკავებულის სასამართლო პროცესი დაწყებიდან მალე ისევ გადაიდო, რადგან მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ დაცვის მხარემ საქმის მასალების გასაცნობად გონივრული ვადა მოითხოვა.
ასევე დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე დაკავებულებთან შეხვედრის უფლება ითხოვა.
რაც შეეხება სამხრე კამერებს, პროკურატურის თქმით, საქმეში სამხრე კამერების მასალები არ დევს და დაკავებულების წინააღმდეგ სახელმწიფო ბრალდებას მხოლოდ ტელევიზიებში გასული ვიდეო-მტკიცებულებები გააჩნიათ.
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი მიიჩნევს, რომ კრიზისული სიტუაციების დაძლევა "ქართული ოცნების" ძლიერი მხარე არ არის და ხელისუფლება თავის ქმედებებში შეცდომას შეცდომაზე უშვებს.
"ქაოსში მუშაობა და კრიზისული სიტუაციების დაძლევა "ქართული ოცნების" ძლიერი მხარე საერთოდ არ არის და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ იმიტომ, რომ ზუსტად იგივე მუხლით 31 დეკემბერს 9 ადამიანის დაკავება სრულიად აბსურდულ ამბავზე, შვილმოკლული მამის კარვის ადგილას რაღაც ვეშაპიანი და ზვიგენიანი ბატუტის გახსნის გამო, რომელიც მერე იფუშება რამდენიმე საათში, ისეთი მოუწესრიგებელია ეს ყველაფერი.
სრული ქაოსი, სრული განუკითხაობა - თუ ეს ვინმეს მოსწონს, რომ პოლიციას უწევს ბატუტის გაბერვა და მერე ამ ბატუტის დაცვა, კი ბატონო, იცხოვრეთ ასეთ საქართველოში, მე არ ვაპირებ," - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.