ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს. საქმეზე არსებითი განხილვა იწყება, პროკურატურა "რუსთავი 2"-ის ყოფილ დირექტორს, 7 მილიონი ლარის გაფლანგვასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება.
"დასტურდება, რომ ნიკა გვარამიამ, კახაბერ დამენიასთან ერთად, "რუსთავი 2" -ის კუთვნილი, ქონებრივი უფლება დაახლოებით, 7 მილიონამდე ლარი გაფლანგა.
ასევე, ჩვენ მას ვედავებით, რომ აღნიშნული გაფლანგვის შემდგომ, მან კომერციული მოსყიდვის წესით, მიიღო უძრავი ქონება. ამ უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, გაასხვისა ეს ქონება და სცადა ფულის გათეთრება.
გარდა ამისა, ჩვენ მას ასევე ვედავებით, 2019 წელს, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, კერძოდ, "რუსთავი2"-ის ეთერში რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, მან და მისმა ოჯახმა საკუთრებაში მიიღო საკმაოდ ძვირადღირებული ავტომობილი Porsche Macan S," - აღნიშნავს პროკურორი ზვიად გუბელაძე.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ის განმარტავს, რომ საქმე აბსურდულია და ამ საკითხებზე მსჯელობა საგამოძიებო უწყების კომპეტენცია არაა.
"ნიკა გვარამიას არ ედავებიან არც 6 მილიონის და არც ერთი ლარი მოპარვას, მას ედავებიან იმას, რომ არ მოითხოვა სარეკლამო სააგენტოებისგან მეტი თანხა. მაშინ, როდესაც "რუსთავი 2" იყო ყველაზე წარმატებული სწორედ ნიკა გვარამია ხელმძღვანელობდა. მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც და მის კონკურენტებზე ბევრად მეტი სარეკლამო შემოსავალიც ჰქონდა.
გარდა ამისა, ეს საქმე არის აბსურდული, სადაც არათუ დანაშაულის ნიშნები არ არის, არამედ, საერთოდ პროკურატურის კომპეტენციაშიც კი არ შედის ამ საკითხების გარკვევა", - აღნიშნა ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.