ახალი გუდაურის ტერიტორიაზე წყლის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია. წყალმომარაგება სარეზერვო ქსელით ხორციელდება.
"რედკოს" დირექტორის დავით ცხომელიძის ინფორმაციით, საცხოვრებელ კომპლექსებსა და რესტორნებს წყალი თითქმის სრულად მიეწოდება.
"მიმდინარე პერიოდისთვის წყალმომარაგების კომპანიის მიერ წყლის მიწოდება აღდგენილია. პირველ, მეორე, მესამე კორპუსში წყალი მიეწოდებათ ტუმბოებით. მიმდინარეობს მუშაობა სისტემების შესაცვლელად," - განაცხადა დავით ცხომელიძემ.
დღეს ასევე ადგილზე ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ერთკვირიანი კრიზისის მიუხედავად, მთის კურორტებზე ტურისტული სეზონი არ ჩავარდნილა.
"გუდაურის მონაკვეთზე იყო შეფერხება "რედკოს" კონკრეტულ ტერიტორიაზე. ბაკურიანში კი სასტუმროების 10-15 პროცენტს შეექმნა წყლის პრობლემა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, საუბრები იმაზე, რომ ზამთრის სეზონი ჩავარდა, არ შეესაბამება სიმართლეს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.