21 დეკემბერი 2024,   20:09
ვრცლად
მსჯავრდებული დეკანოზი, რომელსაც შეწყალების მოლოდინი ჰქონდა შობის დღესასწაულს ციხეში შიმშილობით შეხვდა

მსჯავრდებული დეკანოზი, რომელსაც შეწყალების მოლოდინი ჰქონდა, შობის დღესასწაულს ციხეში შიმშილობით შეხვდა. დღეს ის ოჯახის წევრებმა ვერ მოინახულეს, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ხვალ შეეცდებიან პროტესტის რადიკალური ფორმები გადააფიქრებინონ.

დეკანოზის ძმა ფიქრობს, რომ მამალაძის დასუსტება ახლა მათ ინტერესებს და გეგმებს არ ემთხვევა. ამასთან, თორნიკე მამალაძე პრეზიდენტსაც და საპატრიარქოსაც კიდევ ერთხელ აკრიტიკებს.

დეკანოზ მამალაძეს ხვალ გლდანის ციხეში ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოინახულებს. პროტესტის ფორმების ცვლილების გარდა საუბარი სამართლებრივ გეგმებს შეეხება. "ციანიდის საქმეზე" სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში უკვე გაგზავნილია. ადვოკატი აანონსებს, რომ ევროპულ სასამართლოში განხილვის შემდეგ უხერხულ მდგომარეობაში საქართველოს პროკურატურასთან და სასამართლოსთან ერთად პრეზიდენტიც აღმოჩნდება. ადვოკატის შეფასებით, პრეზიდენტი გავლენის ქვეშ მოქცეული, სინოდი კი არაგულწრფელი იყო.

იმის მიუხედავად, რომ დაცვის მხარეს სინოდის წევრების გულწრფელობის არ სჯერა, დღეს სასულიერო პირები კვლავ ირწმუნებოდნენ, რომ შუამდგომლობის დაყენებისას მათი პოზიცია ერთსულოვანი იყო. 

დეკანოზის პატიმრობაში დატოვებისა და შიმშილობის ფონზე პრეზიდენტის მიკერძოებულობაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა ოპოზიცია. როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო პარტიების ლიდერებმა პრეზიდენტს მარიამობის სკანდალური შეწყალების აქტი, პროკურატურას კი ამ საქმის გამოძიების აუცილებლობა შეახსენეს. 

ოპოზიციისგან განსხვავებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება კითხვებს არ უჩენს პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის ლიდერებს. დღეს არჩილ თალაკვაძე დეკანოზის მიერ შიმშილობის დაწყების ფაქტსაც გამოეხმაურა. 

საშობაო შეწყალების აქტის გამოცემის შემდეგ თავად პრეზიდენტი მეორე დღეა საზოგადოების წინაშე ძირითადად საზეიმო ღონისძიებებზე ჩნდება. გუშინ გორში, დღეს კი თბილისში სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ მამალაძის საკითხზე დამატებითი განმარტებების გაკეთება არ ისურვა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც 9 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, სასჯელს უკვე ორი წელია იხდის. ამ დროის განმავლობაში მას შეწყალებაზე უარი უკვე ორმა პრეზიდენტმა უთხრა.

დღის ამბები