"დამპალოს" სასაფლაოს ტერიტორიაზე გარდაცვლილი 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მეორე ბრალდებულის, ვახტანგ ბურძენაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია და ის პროცესში გამშველებლის როლს ასრულებდა. როგორც ადვოკატმა ისაუბრა, სწორედ ვახტანგ ბურძენაძემ დარეკა სასწრაფოში, რომ 24 წლის მამაკაცი არ გარდაცვლილიყო.
"თვითონ, უშუალოდ იყო ამ პროცესის შემსწრე. მოხდა ინციდენტი, რომელსაც, მისი განმარტებით, წინ უძღოდა ავტომანქანის გატაცება. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა სხვა ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის ჩხუბი და ამ პროცესში ის იყო გამშველებელი. მისი ძმის ნაწილში, შემდგომში გავაჟღერებთ მის პოზიციას. რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ რაც ფატალური შედეგით დასრულდა, იმ ნაწილში მას მონაწილეობა არ მიუღია,"-განაცხადა გიორგი გოგინავამ.
ბრალდების მხარემ ისაუბრა მთავარ მტკიცებულებაზე - გარდაცვლილის მაისურზე, რომელიც საქმის პროკურორის თქმით, ვახტანგ ბურძენაძის სახლიდან ამოიღეს. საქმის პროკურორმა განაცხადა ისიც, რომ ბურძენაძე საქმის მიმდინარეობისას არაერთხელ დაკითხეს, თუმცა ამ გარემოებაზე მას ინფორმაცია გამოძიებისთვის არ მიუწოდებია.
შეგახსენებთ, რომ სასამართლოში დასრულდა პროცესი, რომელზეც თბილისში 2იანვარს, "დამპალოს" სასაფლაოს მომხდარი მკვლელობის მეორე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ. ვახტანგ ბურძენაძეს მეორე ბრალდებულის, ზურაბ ფოფხაძის მსგავსად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.