სროლა და უკიდურესად დაძაბული ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში - რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით აქციები ისევ გრძელდება. ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამ დრომდე რჩებიან.
კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო შეკრებაც. უმართავი პროცესების მიუხედავად, დე ფაქტო ლიდერი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დეპუტატების დადგენილების პროექტზე, რომ მან "სახელმწიფოს მეთაურის" თანამდებობა დატოვოს, უარს ამბობს და ვადაზე ადრე გადადგომას არ აპირებს.
რაულ ხაჯიმბა აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასაც არ გამორიცხავს.
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით პროტესტი ხაჯიმბას რეზიდენციასთან მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკვე გამთენიისას სროლის ხმა ისმოდა სოხუმის ცენტრში - ფაქტს ადასტურებს დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი, თუმცა რაულ სმირი ირწმუნება, რომ გასროლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, სადაც ოპოზიციის მომხრეები ამ დრომდე რჩებიან - არ მომხდარა.
სოხუმის ქუჩებში მიმდინარე პროცესების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე არ უარყოფს, რომ დემონსტრანტების ნაწილს იარაღი აქვს. ახვა ავიძბა ხელისუფლებას მოუწოდებს პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.
ოპოზიციური პარტიების წევრების მოთხოვნას ე.წ. პარლამენტიც შეუერთდა. პროტესტის პარალელურად ე.წ. საკანონმდებლო ორგანოში ახალი დადგენილების მიღებაზე მუშაობდნენ. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა დადგენილების პროექტი მიიღეს, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას "სახელმწიფოს მეთაურის" თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგომით მიმართეს. დადგენილებას მხარი დაუჭირა 19-მა "დეპუტატმა", ოთხი წინააღმდეგი იყო, ერთმა კი, თავი შეიკავა.
ე.წ. პრეზიდენტი კი გადადგომას არ აპირებს. დე ფაქტო პრეზინდეტის პრესსამსახური მიიჩნევს, რომ დადგენილება აფხაზეთში არსებულ ვითარებას გაამწვავებს, ამიტომ ხაჯიმბა ოპოზიციას მოლაპარაკებას სთავაზობს. პარლამენტის გადაწყვეტილებას განცხადებით ე.წ. პრეზიდენტის პრეს სამსახურმა უპასუხა.
ღამით ადმინისტრაციის შენობასთან მივიდა ე.წ. პარლამენტის დეპუტატი ასლან ბჟანიაც, რომელმაც დე ფაქტო პრეზიდენტს გადადგომისკენ, შეკრებილებს კი მოთმინებისკენ მოუწოდა.
გვიან ღამით მინისტრთა კაბინეტის შენობასთან მივიდა პრემიერ მინისტრი ვალერი ბგანბაც, თუმცა მომიტინგეებმა ის შენობაში არ შეუშვეს.
აფხაზეთში ვითარება გუშინ დაიძაბა. ოპოზიციის პროტესტი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ალხას კვიცინიას სარჩელის განხილვა ე. წ არჩევნების შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
ოპოზიციური კანდიდატის ალხას კვიცინიას მომხრეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას და რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვენ. გუშინ აქციის მონაწილეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს.
8 სექტებერს ჩატარებულმა ე.წ. არჩევნებმა დღეს ვითარება სოხუმში მაქსიმალურად გაამწვავა. ადგილობრივები უკან დახევას - ხაჯიმბა კი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.