მოსამართლის შეურაცხყოფის გამო სამაუწყებლო კომპანია "რუსთავის 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 500 ლარით დაჯარიმდა. დღესვე, პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ თვითაცილება გამოაცხადა. სასამართლოს წინაშე დღეს შესავალი სიტყვით დაცვის მხარე უნდა წარდგენილიყო, თუმცა პროცესი გადაიდო.
"ეს არ იყო კლოუნადა, ეს თვითაცილება იყო გარდაუვალი, იყო გადაწყვეტილი რამდენიმე დღის წინ კონკრეტულ კაბინეტში. ჯერ არ მინდა და არ არის ამაზე საუბარი საჭირო, მაინც დადგებოდა აცილების საკითხი. ის საბუთები იუსტიციის საბჭოდან მაინც გამოთხოვილი გვაქვს, მაინც ჩვენი ინტერესის სფეროა, გამოვიყენებთ და მამუკა ხაზარაძესაც ასლებს გადავუგზავნით, ეს არის ჩემი კომენტარი. საბუთები, ვინ არის სპეციალიზაციით, რამდენი მოსამართლეა, ვინ იმყოფებოდა საქმის ელექტრონულად განაწილების პირობებში შვებულებაში და ა.შ. აი ამას ჩვენ გამოვითხოვთ. ელექტრონული განაწილება არის მკვდარი, მეგობრებო,"-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ბრალდებულის კახა დამენიას ადვოკატი კახა წერეთელი მიიჩნევს, რომ მოსამართლის მიერ გამოცხადებული თვითაცილება სწორი გადაწყვეტილება იყო.
"ფაქტია, რომ, ამ შემთხვევაში, მოსამართლის გადაწყვეტილება თვითაცილებაზე სუფთა ადამიანურადაც და სამართლებრივად მიმაჩნია, რომ არის სწორი, ვინაიდან სამომავლოდ გამორიცხული იყო შეკითხვები ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით,"-განაცხადა კახა წერეთელმა.
პროკურორის, ზვიად გუბელიძის თქმით, მოსამართლის მხრიდან თვითაცილების გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს თავმჯდომარე იმსჯელებს, თუ რომელი მოსამართლე განიხილავს ამ საქმეს.
"სასამართლო პრიოცესზე არ გამოცხადდა დაცვის მხარე, კერძოდ, სამი ადვოკატი, რის გამოც ვერ მოვისმინეთ შესავალი სიტყვები. ამის შემდგომ, მოსამართლემ სასამართლოსა და მოსამართლის შეურაცხყოფისათვის დააჯარიმა ბრალდებული ნიკა გვარამია, რის შემდგომაც მან განაცხადა თვითაცილება. ამის შემდეგ, სასამართლოს თავმჯდომარე იმსჯელებს, თუ რომელი მოსამართლე განიხილავს ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეს, დაგვიკავშირდებიან, გაიწერება გრაფიკი და განვაგრძობთ მტკიცებულებების გამოკვლევას,"- განაცხადა ზვიად გუბელიძემ.