27 ივლისი 2024,   04:27
ვრცლად
"ადამიანური შეცდომა" თუ მიზანმიმართული იერიში - რატომ დასჭირდა ოთხი დღე პასუხს კითხვაზე, თუ რატომ აფეთქდა ბოინგი

ჩამოვარდა თუ ჩამოადგეს - ამ შეკითხავს ოფიციალური პასუხი უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფიდან 4 დღეში გაეცა.

176 მგზავრის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ირანის ისლამური რესპუბლიკის "რევოლუციურ გუშაგთა კორპუსმა" აიღო.

როგორც სამხედრო ძალების მეთაურმა, ამირ ალი ჰაჯიზადემ განაცხადა, ირანის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ სამგზავრო თვითმფრინავი ფრთოსან რაკეტად აღიქვა და სწორედ ამიტომ ჩამოაგდო.

ისლამური რესპუბლიკის არმიის ელიტური ქვედანაყოფი მომხდარი ტრაგედიის გამო ბოდიშს იხდის და პირობას დებს, რომ სამომავლოდ საჰაერო სისტემებს განაახლებენ.

ამასთანავე "რევოლუციურ გუშაგთა კორპუსი" მზადაა ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" 1979 წელს დაარსდა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

ირანისგან დამნაშავეების დასჯას, კომპენსაციის გადახდას, ბოდიშის მოხდასა და ცხედრების დროულად გადაცემას ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის პრეზიდენტის მსგავსად ირანისგან გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარებას ითხოვს დასავლეთი. ნატოს გენერალურ მდივანსა და კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელს გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა სურთ. კანადა პირობას დებს, რომ დაღუპულთა ოჯახებს ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი ექნებათ.

თეირანის საერთაშორისო აეროპორტთან უკრაინული ავიახაზების კუთვნილი ბოინგის ჩამოვარდნას 176 ადამიანი ემსხვერპლა. საბედისწერო რეისის ბორტზე ირანის 82, კანადის 63, უკრაინის 11, შვედეთის 10, ავღანეთის ოთხი, გერმანიისა და ბრიტანეთის სამ-სამი მოქალაქე იმყოფებოდა.

ყველაზე პატარა მგზავრი 1 წლის იყო. თვითმფრინავი თეირანიდან კიევის მიმართულებით მიფრინავდა.

დღის ამბები