18 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
სროლა და სისხლიანი დაპირისპირება კლუბ "ბასიანთან" - დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

სროლა და სისხლიანი დაპირისპირება კლუბ "ბასიანთან" - დაჭრილია 3 პირი. წინასწარი ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცს, ბიძინა ჩაჩხიანს, ერთ-ერთ თანამშრომელთან შელაპარაკების გამო დაცვამ კლუბის ტერიტორია დაატოვებინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის "ბასიანში" დაბრუნდა და იარაღიდან ცეცხლი გახსნა.

პოლიციამ ეჭვმიტანილი მოგვიანებით, საკუთარ სახლთან დააკავა. სამართალდამცველებმა იარაღი, 6 დანა და 23 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დაჭრილები კლუბის თანამშრომლები არიან. ისინი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში არიან გადაყვანილი.

როგორც ცნობილია, ბრალდებულმა ადგილზე 18-ჯერ გაისროლა.

შემთხვევის გამო დაგეგმილი ღონისძიება ჩაიშალა და დაახლოებით ღამის 3:00 საათზე კლუბი დაიკეტა. დღეს ამ დრომდე კლუბის ტერიტორიაზე არავინ გამოჩენილა. "კურიერი"  ბასიანის ხელმძღვანელებთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ისინი ზარებს არ პასუხობენ.

რაც შეეხება დაჭრილების მდგომარეობას, ერთ-ერთი მათგანი დილით სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

"შემოიყვანეს 3 პაციენტი. 2 ახალგაზრდა მამაკაცი და 1 ქალბატონი. მათ აღენიშნებოდათ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. 2 პაციენტი რჩება სტაციონარში დაკვირვების ქვეშ. მათ დასჭირდათ ოპერაცია. ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და მან სტაციონარი უკვე დატოვა," - აღნიშნა ექიმმა სულხან სამხარაძემ.

 

დღის ამბები