18 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
ქალთა მიმართ ძალადობა და შემაკავებელი ორდენების გაზრდილი სტატისტიკა - ელექტრონული სამაჯურის აუცილებლობა

რატომ იზრდება ქვეყანაში შემაკავებელი ორდერების რაოდენობა?! - ქალებზე ძალადობის საქმეებზე მოსამართლეები სულ უფრო მეტ აკრძალვას გამოსცემენ. 2018 წელს შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 7 ათას 645 იყო, 2019 წელს კი ამ რიცხვმა 9 ათასს გადააჭარბა.

არასამთავრობოების განცხადებით, პრობლემა აქტუალურია და მხოლოდ შემაკავებელი ორდერის მექანიზმი საკმარისი არ არის. მესამე სექტორი ელექტრონულ მონიტორინგზე საუბრობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, მხოლოდ შემაკავებელი ორდერი შესაძლოა არაეფექტური ან დაგვიანებული იყოს.

არასამთავრობო სექტორისთვის გაურკვეველია, რატომ ვერ მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე ელექტრონული სამაჯურის პრაქტიკაში დანერგვა.

"უკეთესი სისტემა გულისხმობს სამაჯურების სისტემას, სადაც ქალის პასუხისმგებლობაზე კი არ არის მიბმული, რამდენად ირღვევა შემაკავებელი ორდერი, არამედ ავტომატურად ხდება შეტყობინება. ეს ნიშნავს, რომ პასუხი უფრო ეფექტურია და ეს პრევენციაზე უფრო უკეთესად მუშაობს, რადგან შეიძლება შეტყობინება იყოს დაგვიანებული, ჩვენ ასეთი ფაქტები გვქონია," - განაცხადა ფონდის "ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის" საქართველოს ოფისის კოორდინატორმა იდა ბახტურიძემ.

ის, რომ შემაკავებელ ორდენთან ერთად აუცილებელია ელექტრო კონტროლი ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროშიც თანხმდებიან.

ელექტრონული სამაჯურის პრაქტიკაში დანერგვის შემთხვევაში, სამაჯური უმაგრდება მოძალადეს, პოტენციურ მსხვერპლს კი სპეციალური მოწყობილობა, რომლის ამოქმედებაც საფრთხის შემთხვევაში შეეძლება. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, ელექტრონული სამაჯური პრაქტიკაში უახლოეს მომავალში დაინერგება.  

"როგორც წესი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების დროს, ორივე ინსტრუმენტის გამოყენება ერთდროულად ხდება, რაც საერთო ჯამში სრულდება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობით. კიდევ უფრო მეტად გააქტიურების და არსებული ინსტრუმენტების უფრო მეტად დახვეწის მიზნით შსს მუშაობს ელექტრონული მონიტორინგისა და ზედამხედველობის ინსტრუმენტის დანერგვაზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების მიმართ.

აღნიშნული კანონპროექტი უკვე წარდგენილია პარლამენტში და მიმდინარეობს საპარლამენტო განხილვები," - აღნიშნა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა გოგა ხატიაშვილმა.

დღის ამბები