TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო სხდომაზე დღეს ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხება. მოწმეები ეროვნული ბანკის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები არიან, სწორედ ისინი, ვინც 2008 წელს TBC ბანკი შეამოწმა.
ბრალდებულების ადვოკატი ზვიად კორძაძე დარწმუნებულია, რომ მოწმეების დაკითხვის შედეგად, საქმის აბსურდულობა კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება.
"ბრალდება, რომ აბსურდულია, ამას ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ. არავითარი საფუძველი ბრალდებას არ გააჩნია და ეს დასტურდება კიდეც მოწმეების დაკითხვით. პროცესების ჩანიშვნასთან დაკავშირებით, ალბათ, მოსამართლე მიხვდა, რომ უკანონო ბრალდებაა და მალე უნდა გამამართლებელი განაჩენი დააყენოს,"- განაცხადა ზვიად კორძაძემ.
კიდევ ერთი ბრალდებულის, ავთანდილ წერეთელის ადვოკატი კახა წერეთელი კი დარწმუნებულია, რომ მოწმეები პროკურატურის ბრალდებას ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით ვერ დაადასტურებენ.
"გვჯერა, რომ არც დღევანდელ პროცესზე და არც შემდგომ არცერთ პროცესზე ფულის გათეთრების ფაქტი არ დადასტურდება. დღევანდელი მოწმეები ისაუბრებენ 2008 წლის შემოწმებაზე. ფაქტია, რომ მათ აღნიშნული კრედიტები ნახეს, მათი პრობლემურობა შეაფასეს ჯერ კიდევ 2008 წელს, თუმცა არანაირი ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული შეფასება მათ არ გაუკეთებიათ,"- განაცხადა კახა წერეთელმა.
როგორც პროკურორმა სალომე ჩიქობავამ განაცხადა, ეს მოწმეები განმარტავენ, თუ რატომ ვერ დააფიქსირეს ფულის გათეთრების ნიშნები 2008 წელს, როდესაც მათ ბანკი შეამოწმეს.
"დღევანდელი მოწმეები ახსნიან, თუ რატომ ვერ შეამოწმეს მათ "სამგორი M-სა და "სამგორი თრეიდზე" გაცემული სესხები, იყო თუ არა შემოწმება ამ მიმართულებით ჩატარებული და დადებით შემთხვევაში, რა რეაგირება მოჰყვა მას,"- განაცხადა პროკურორმა სალომე ჩიქობავამ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს თქვა, რომ TBC ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით).
აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. საქმეზე ბრალდებულია TV - "პირველის" მფლობელის, ვატო წერეთლის მამა ავთანდილ წერეთელი.
ავტორი: ლუკა ხაჩიძე