18 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
ხორავას საქმის გამო გადამდგარი მთავარი პროკურორი პოსტზე ბრუნდება - ვისი პროტეჟეა ირაკლი შოთაძე

გენერალური პროკურორობის კანდიდატთა 9-კაციან სიაში ირაკლი შოთაძის გვარი დღეს გაჩნდა. ოფიციალურად მას რეკომენდაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უწევს, თუმცა ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ის "ქართული ოცნების" კანდიდატია. 

ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება 2018 წლის 31 მაისს მიიღო, როდესაც ხორავას საქმის მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა და მთავარი კითხვა, - ვინ მოკლა არასრულწლოვანი დათო სარალიძე უპასუხოდ დატოვა.

მთავარი პროკურორის პოსტი, მაშინ დათო სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის უმძიმეს პროტესტს შეეწირა.

დათო სარალიძის მამა უკვე ნახევარ წელზე მეტია მედიასთან არ ჩნდება, თუმცა დიდხნიანი დუმილის შემდეგ, დღეს "კურიერთან" სატელეფონო საუბრის დროს არ დამალა, რომ ირაკლი შოთაძის დაბრუნების შემთხვევაში ის ყოფილ პროკურორს ბრძოლის ერთად გაგრძელებას მოსთხოვს.

მოკლული დათო სარალიძის მამა დღეს მთავარ პროკურატურაშიც იმყოფებოდა.

საპროკურორო საბჭოს მხრიდან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს." ორგანიზაციის დირექტორი ეკა გიგაური დარწმუნებულია, რომ ყოფილ პროკურორსა და მმართველ ძალას შორის უკვე არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც შოთაძე კვლავ გენერალური პროკურორი გახდება.

შოთაძის კანდიდატურასთან კითხვის ნიშნები არ აქვს გიორგი გაბოძეს, რომელიც საპროკურორო საბჭოს ყოფილი წევრია. მისი თქმით, ამ დრომდე ხორავას საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ყოფილი პროკურორის ბრალეულობა არ გამოკვეთილა, შესაბამისად, არ არსებობს ბერკეტი, რის გამოც შოთაძის კანდიდატურის წარდგენა არ უნდა მომხდარიყო.

გადადგომიდან თითქმის 2 წლის შედეგ, ირაკლი შოთაძე კვლავ გენერალური პროკურორობის კანდიდატია. მისი წარდგენის გადაწყვეტილება ტექნიკური უნივერსიტეტის, აკადემიურმა საბჭომ მიიღო. დადგენილება დღეს საპროკურორო საბჭოს ვებ გვერდზე აიტვირთა.

საპროკურორო საბჭოში განაცხადების მიღება ხვალ სრულდება. ამ დროისთვის უკვე 9 კანდიდატია დარეგისტრირებული. ყოფილი პროკურორის კანდიდატურა საბჭოში დღეს შევიდა. განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, საბჭო კონსულტაციებს დაიწყებს და სამ მისაღებ კანდიდატს შეარჩევს. საბოლოდ, ის კანდიდატი, რომელიც ხმების 2/3%-ს მიიღებს, პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება. საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უნდა მიიღონ. სადაც შოთაძის კანდიდატურას ოპოზიცია სკეპტიკურად აფასებს და კენჭისყრაზე მხარდაჭერას გამორიცხავს, ყოფილი მთავარი პროკურორისთვის მხარდასაჭერად მზად არიან უმრავლესობაში.

ხორავას ქუჩის ხმაურიანი მკვლელობის საქმის გამოძიების გარდა, შოთაძის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს უკავშირდება "ციანიდის საქმე". ირაკლი შოთაძე პროკურორის მოადგილე იყო, როდესაც უწყებაში შეიქმნა იძულებით ჩამორთმეული ქონების დაბრუნების დეპარტამენტი. ასევე, შოთაძის თანამდებობაზე ყოფნის დროს, წარუდგინეს ბრალი ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. მის დროს გაიხსნა იური და ზურა ვაზაგაშვილის საქმეები, ასევე, რობაქიძისა და გირგვლიანის მკვლელობის საქმეები.

დღის ამბები