21 დეკემბერი 2024,   16:10
ვრცლად
ბრალდებები ხორავას ქუჩის საქმის პროცესზე - ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას ადვოკატს მოკლული შვილის ფოტოები შეაყარა 

ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატს ზაზა სარალიძემ მოკლული შვილის ფოტოები შეაყარა. ამ ფორმით, დავით სარალიძის მამამ, კალანდიების ოჯახის და ადვოკატის განცხადებები გააპროტესტა.

ბრალდება, რომლის გამოც პროცესზე ინციდენტი მოხდა, კალანდიებმა საქალაქო სასამართლოში დღესაც გაიმეორეს. თენგიზ და ლუკა კალანდიებმა ზაზა სარალიძე გარიგებაში დაადანაშაულეს, თუმცა, არ დააკონკრეტეს, ვის გულისხმობდნენ.

ის, რაც ბრალდებული კალანდიას ოჯახმა არ თქვა, მოგვიანებით მედიასთან ადვოკატმა დააზუსტა. ზურაბ თოდუას თქმით, სარალიძეს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" მართავს, რომელიც, მისი მტკიცებით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესს ატარებს. ბრალდებას არასამთავრობო ორგანიზაციაში კატეგორიულად უარყოფენ.

საპროცესო გარიგებაზე დღეს უარი უთხრა პროკურატურამ სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ კიდევ ერთ პირს, პროცესი უზენაეს სასამართლოში პარალელურად მიმდინარეობდა. გუგა ბარბაქაძე ორივე მოზარდის ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, საგამოძიებო ორგანო კი მას სწორედ დადუნაშვილის და სარალიძის მკვლელობას ერთად ედავება. ბრალდება აღიარა მეორე მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ, რის გამოც ბრალდების მხარე დღეს მისი სასჯელის შემსუბუქებას დათანხმდა. 

ხორავას ქუჩის საქმის განხილვა ისევ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. ზაზა სარალიძე სასამართლო სხდომებზე დასწრებას საკუთარი სურვილით აღარ აპირებს. ეს მოთხოვნა კალანდიებმა გუშინდელ პროცესზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააყენეს. 

 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე 

დღის ამბები