21 დეკემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ბოსტნეული ხორცპროდუქტების ნაცვლად - ყვარლის საბავშვო ბაღებში 1300 აღსაზრდელის სრულფასოვან გამოკვებას ვერ ახერხებენ

ყვარლის ყველა საბავშვო ბაღში, ხორცის პროდუქტი ბოსტნეულით ჩაანაცვლეს. საკვებ რაციონში ცვლილების შეტანა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელებს იძულებით მოუწიათ. ისინი ბოლო ორი დღეა სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კალორაჟით, 1300 აღსაზრდელის გამოკვებას ვერ უზრუნველყოფენ.

სკოლამდელი აღსაზრდელების ხორცპროდუქტების გარეშე დარჩენის მიზეზი, ტენდერში გამარჯვებულ მომწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას გამოვლენილი დარღვევები გახდა. ბაღებში პრობლემის მოგვარების კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ.

საქონლისა და ქათმის ხორცით ბაღების მომარაგების ტენდერში სულ ორი კომპანია მონაწილეობდა. ბექა ონიაშვილმა ტენდერი 81 300 ლარად მოიგო, თუმცა, ტექნიკური დოკუმენტაციის არწარდგენის გამო, მას დისკვალიფიკაცია მისცეს. ამის შემდეგ ბაგა-ბაღების სააგენტომ, მოლაპარაკება ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიასთან დაიწყო, თუმცა პროცესის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ბაღების ხორცით მომარაგება დროში გაჭიანურდა.

ხორცის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე გურჯაანის 37 ბაღი და 2200 ბავშვიც დგას. ყვარლის მსგავსად, შესყიდვის ტენდერი აქაც ვერ შედგა. მიზეზი სატენდერო მოთხოვნებში რეალურზე ნაკლები თანხის მითითება გახდა. ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში ბაგა-ბაღების გაერთიანებამ შესყიდვის ფასი გაზარდა. სააგენტოში იმედოვნებენ, რომ მონაწილეობის მსურველი კომპანიები ამჯერად მაინც გამოჩნდებიან.

სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების მშობლებს ბაღებთან პრობლემა არ აქვთ. ამბობენ, რომ პროცესებს აკვირდებიან და იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებს ხორცით მომავალი კვირიდანაც არ გამოკვებავენ, უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ.

გურჯაანის და ყვარლის მსგავსად საკვებზე პრობლემა შეიქმნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტშიც. ამ შემთხვევაში ჩაიშალა ტენდერი, რომელიც პურის, შაქრის, ვერმიშელის, ჩაის, ხილის, მაკარონის, ორცხობილის, მარილისა და საფუარის შეძენას ითვალისწინებდა.

ხელახალი ტენდერის გამოცხადებამდე, ბაღები აღნიშნულ პროდუქტებს ორჯერადად, გამარტივებული შესყიდვის გზით შეიძენენ.

დღის ამბები