21 დეკემბერი 2024,   18:39
ვრცლად
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესში საუკუნეების წინანდელი არტეფაქტები აღმოაჩინეს

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესში მე-17 - მე-18 საუკუნით დათარიღებული სამაცივრო ორმო აღმოაჩინეს. არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოაჩინეს მოჭიქული კერამიკაც. ნივთები მე-11- მე-12 საუკუნით თარიღდება. განსაკუთრებული ტექნიკით შესრულებულ ნივთებში ერთი აბსოლუტურად პირვანდელი და სრულყოფილი სახით შემორჩა.

მოედანი, რომელიც დღეს ლადო გუდიაშვილის სახელს ატარებს, დაახლოებით, 600-წლიან ისტორიას ითვლის. მოედანს ჯერ აბასის, შემდეგ ალავერდოვის სახელი ერქვა. მის გარშემო ძირითადად ე.წ. ბანიანი სახლები იდგა, თუმცა უკვე მე-19 საუკუნიდან იქ თბილისური ტიპის აივნიანი სახლების მშენებლობა დაიწყო. ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი.

მოედნის განახლება თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე "ახალი ტფილისის" "მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის" ფარგლებში დაიწყო. სარეაბილიტაციო და აღდგენითი სამუშაოები შეეხება არა მხოლოდ შენობათა ფასადებს, არამედ მე-16 საუკუნის დროინდელ სარდაფებსაც, რომლებიც ავთენტური სახით იქნება შენარჩუნებული. 

გუდიაშვილის მოედანზე უკვე მიმდინარეობს შენობების სარეაბილიტაციო და სარდაფის გამაგრების სამუშაოები. საძირკვლების დონეზე სამუშაოების დროს აღმოჩენილია არქეოლოგიური მასალა და არტეფაქტები. აღმოჩენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოებში პირველი დღეებიდან ჩართულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები