16 სექტემბერი 2026,   21:54
ვრცლად
სუს-ის ახალი უფროსი თამაზ ბორაშვილი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა - დამტკიცებამდე მან პარლამენტში მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. თამაზ ბორაშვილი უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა. ირაკლი კობახიძემ ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა, ყოფილ უფროსს კი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

გამოცხადებული ნდობისთვის მთავრობის მეთაურს და პარლამენტს მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა. სუს-ის ახლად არჩეულ უფროსს წარმატებები უსურვა უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების ახალ ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილი პარლამენტმა 83 ხმის დაამტკიცა. მას მხარი დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს, რის შემდეგაც ახალმა ხელმძღვანელმა სუს-ის უფროსის თანამდებობა ოფიციალურად ჩაიბარა.

სესიაზე კენჭისყრამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მომავალ უფროსს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოუსმინეს. თამაზ ბორაშვილის თქმით, ეროვნული ინტერესების და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა უწყების პრიორიტეტად დარჩება. მომავალი ხელმძღვანელის რანგში ისაუბრა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და ყურადღება ჰიბრიდულ ომზე, ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობებზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მნიშვნელობაზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა.

სუს-ის ახალ უფროსად თამაზ ბორაშვილი პრემიერ-მინისტრმა 2 დღის წინ წარადგინა. მას უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს და წარდგენის დღემდე სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ბორაშვილს უწყების მართვის ყველა უნარი აქვს და ამაში მისი კარიერული გამოცდილება და ცოდნა დაეხმარება.

კონტრდაზვერვა, სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარება და ტერორიზმის წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტური მუშაობა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, ყველა მიმართულების გაძლიერებისთვის უწყება აქტიურად იმუშავებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის მოსმენა საჯარო მხოლოდ ნაწილობრივ იყო. უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, კითხვა-პასუხის რეჟიმი დახურულ ფორმატში გაგრძელდა.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს სუს-ის ხელმძღვანელის არჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. ამბობენ, რომ ახალ კანდიდატს მათი მხარდაჭერა არ აქვს.

საპარლამენტო უმრავლესობა ბორაშვილის პროფესიულ უნარებზე აკეთებს აქცენტს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კარიერული გამოცდილება უწყების მუშაობისთვის მნიშვნელოვანია.

თამაზ ბორაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად 6 წლის ვადითაა დამტკიცებული.

დღის ამბები