17 სექტემბერი 2026,   02:57
ვრცლად
ვაშინგტონის სასამართლოს დადგენილება - "ნამახვანჰესის" ჩაშლილი პროექტი და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი

ვაშინგტონის სასამართლომ 2024 წლის პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილების პროცესუალურ აღსრულების ნაწილზე, ფრანგული სააპელაციო სასამართლოს განაჩენამდე იმსჯელა. საუბარია კომპანია "ენკას" საჩივარზე, რომელიც ნამახვანჰესის მშენებლობის ჩაშლას უკავშირდება. 2 წლის წინ პარიზულმა პირველმა ინსტანციამ საქართველოს 383 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, თუმცა ქართული მხარე დავას მეორე ინსტანციაში განაგრძობს. იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ საბოლოო დადგენილებას წლის ბოლომდე არ ელოდებიან. სახელმწიფო ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც გეგმავს.

ნამახვანჰესის ირგვლივ მიმდინარე საპროტესტო მოძრაობა და ჩაშლილი პროექტის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული სოლიდური ზიანი შეახსენა დღეს საზოგადოებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. დარტყმა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლის უკანაც, კირცხალიას აზრით, უცხოური ძალები და მათი ქართველი სატელიტები იდგნენ. კანონმდებელმა თქვა, რომ იმ დროინდელი აღმასრულებელი ხელისუფლების მესვეურებს შეეძლოთ მეტი სიმკაცრეც გამოეჩინათ.

"ენკას" სარჩელის შედეგად მიყენებული პოტენციური მილიონობით ზიანის მიუხედავად, დღეს ოპოზიციამ ე.წ. ნამახვანის მოძრაობის გამართლება მაინც სცადა. თქვეს, რომ მრავალმილიონიანი და მრავალმილიარდიანი პროექტების წინააღმდეგ ბრძოლა არა სახელმწიფოს, არამედ ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული, რაც მათი აზრით გამართლებულია.

ოპოზიციას და ნამახვანჰესისი წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტებს გარედან მართული პროცესის შემადგენელ აქტორებად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა. მათი თქმით, 433 მეგავატიანი ჰესის მშენებლობის ჩაშლა და დღეს უკვე "იგლ ჰილსის" 6 მილიარდიან ინვესტიციასთან ბრძოლა, ოპონენტების მორიგი ლუსტრაციაა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მასშტაბური პროექტების შეფერხება, ქვეყანას ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკურ და რეპუტაციულ ზიანსაც აყენებს.

433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესისი მშენებლობა, მრავალთვიანი აქციების შემდეგ, 2021 წლის 9 ივნისს ოფიციალურად შეჩერდა. მას შემდეგ, თურქული კომპანია "ენკა" 800 მილიონიანი საინვესტიციო ხელშეკრულების ჩაშლის გამო, საერთაშორისო არბიტრაჟებში საკომპენსაციო თანხებს ითხოვს.

დღის ამბები