21 დეკემბერი 2024,   18:47
ვრცლად
მაჩალიკაშვილი "ოცნებიდან" წასულ დეპუტატებს საგამოძიებო კომისიის შექმნაში მხარდაჭერას სთხოვს - საკითხს კი "ოცნება" არ განიხილავს

"მოგმართავთ საქართველოში და საზღვრებს გარეთ მყოფ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დიდი თხოვნით მოგმართავთ, დამიდექით გვერდში "ქართული ოცნების" განადგურებისთვის, ამ სიმახინჯის მოშორებისა და ამ სიმახინჯისგან ქართველი ხალხის გადარჩენისთვის,"- ეს განცხადება თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებს მათ სახელზე დაწერილი წერილი პირადად ვერ გადასცა. თემირალ მაჩალიკაშვილის მამა საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს, დაცვის წარმომადგენლებთან სიტყვიერი დაპირისპირებისას კი შეუძლოდ გახდა. სპეციალური წერილით მალხაზ მაჩალიკაშვილი ოცნებიდან წასულ დეპუტატებს შვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაში მხარდაჭერას სთხოვს. 

პარლამენტის წინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ თინა ბოკუჩავამ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. ოპოზიციონერ დეპუტატს მმართველი გუნდის ლიდერებთან შეხვედრა სურდა, რათა გაერკვია ვინ გასცა მითითება, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში არ შეეშვათ. საკანონმდებლო ორგანოს დერეფანში თინა ბოკუჩავა და მამუკა მდინარაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ასეთი შეზღუდვის ინიციატორი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ამ ტიპის ბრიფინგების ადგილი პარტიული ოფისია. საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კი "ოცნება" არ განიხილავს.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები შვილის ტერორიზმთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ და სიმართლის დადგენაში დახმარებას ოპოზიციურ პარტიებსაც სთხოვენ. დღის ბოლოს ოჯახმა საქმის დეტალებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა. დავა გრძელდება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც არაა გამორიცხული, რომ კიდევ ერთი სარჩელი გაიგზავნოს. მაჩალიკაშვილებმა, შესაძლოა, სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების დარღვევის გამოც იდავონ.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები