ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი, ირაკლი ზარქუას თავდასხმის საქმეზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 2000 ლარიანი გირაოს შეფარდებას გაასაჩივრებს.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის პროცესი საქალაქო სასამართლოში გვიანობამდე გაგრძელდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ადვოკატი მოსამართლეს სთხოვდა, რომ ხაბეიშვილთან მიმართებაში აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი ფორმა გამოყენებულიყო. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 მარტს ჩაინიშნა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, მისი მხრიდან ბრალის აღიარების შემთხვევაშიც კი არავინ დაიჯერებს, რომ მან ირაკლი ზარქუაზე იძალადა, რადგან ყველამ პირდაპირ ეთერში იხილა საკრებულოში განვითარებული მოვლენები:
"მე რომ მოვყვე, მე დავესხი ზარქუას თავსო, არ ჩათვლით ან თქვენ ან მაყურებელი, რომ გაგიჟდა ესო? თავისი თვალებით ხო ნახეს. ჩემ მიმართ იძახის მასხარაო, მაგრამ ვინ გამასხრდა ვნახე, ამ 4 დღის განმავლობაში, ირაკლი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხარ, კი ბაქიბუქობდი, ხაბეიშვილი მივთეთქვე და წავუთაქეთო, მაგრამ გამოდგა, რომ მე მიცემიხარ შე საწყალო," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის თქმით, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო, საბოლოოდ ბრალდებულად აქციეს:
"იძალადეს ადამიანზე, პროვოცირება გაუკეთეს მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო და შემდგომ დაამთავრეს იმით, რომ თვითონ ეს ადამიანი გახდა ბრალდებული,"- აღნიშნა კონდახაშვილმა.
პროკურორი ირაკლი ყვავაძე აცხადებს, რომ სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე:
"სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარს პოზიცია იმდენად,რამდენადაც აპელირება ხდებოდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე, ისე მტკიცებულებების განადგურების საფრთხეზე, შესაბამისად სასამართლომ გამოიტანა შესაბამისი გადაწყვეტილება," - განაცხადა ირაკლი ყვავაძემ.