18 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
თურქეთმა უხანიდან საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით გამოიყვანა - რას ამბობს ქალი რომელმაც ევაკუაციაზე უარი განაცხადა

ოფიციალურმა ანკარამ სამხედრო თვითმფრინავით ეპიდემიის ცენტრიდან როგორც თავისი 32 მოქალაქე, ისე ქართველები, აზერბაიჯანელები და ალბანელები გამოიყვანა. სპეცრეისის მგზავრები სპეციალური სამოსით არიან შემოსილები და ინკუბაციის პერიოდს - ორ კვირას თურქეთში გაატარებენ. ევაკუაციაზე უარი განაცხადა საქართველოს ერთმა მოქალაქემ, მარიამ შენგელიამ, რომელიც ქალაქ უხანში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს, ჩინეთში არსებულ ვითარებაზე მან "კურიერთან" ისაუბრა.

"ამ ეტაპზე მე გადავწყვიტე დარჩენა, ვართ სახლში, პროდუქტი მაქვს, წამლები მაქვს, ნიღბები მაქვს. ამ პროვინციაში სადაც ეს ვირუსი მძვინვარებს ერთი თვე სამსახურში ვერავინ გავა,"- განაცხადა მარიამ შენგელიამ "კურიერთან".

ეპიდაფეთქების გამო ჩინეთის მიმართულებით 10,000-მდე ავიარეისი გაუქმდა. სრულდება მხოლოდ ის სპეცრეისები, რომლითაც ჩინეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. ამ ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

"კეთილი იყოს თქვენი საფრანგეთის მიწაზე დაბრუნება. თქვენთვის შესაბამისი და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ყველა ზომა მივიღეთ. ვისურვებდი თქვენთვის ხელის ჩამორთმევას, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს. უახლოესი 14 დღის განმავლობაში იზოლაციაში მოგიწევთ ყოფნა. მედიკოსების შესაბამისი ჯგუფის დაკვირვების ქვეშ იქნებით,"- განუცხადა საფრანგეთში დაბრუნებულ მოქალაქეებს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა აგნეს ბაზინიმ.

დაკვირვების ქვეშ რჩებიან შვედეთისა და ესპანეთის ის მოქალაქეები, რომელთაც ახალი კორონავირუსი ლაბორატორიულად დღეს დაუდასტურდათ. ბოლო მონაცემებით, ჩინეთის გარდა, მომაკვდინებელმა ვირუსმა მსოფლიოს 24 ქვეყანაში შეაღწია. დაღუპულია 259 და ინფიცირებულია 12 ათასამდე ადამიანი. ახალი კორონავირუსის გავრცელების გეოგრაფიული არეალი კი ყოველდღიურად იზრდება.

"20 წლის გოგონა, რომელიც უხანში იყო, შვედეთში 24 იანვარს დაბრუნდა. მან თავი ცუდად იგრძნო და ინფექციურ კლინიკას მიაკითხა. ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ მას ახალი კორონავირუსი აქვს. ახლა ის დაკვირვების ქვეშაა,"- ამბობს შვედი ინფექციონისტი მალინ ბენგნერი.

ახალი ვირუსით ინფიცირებულია შტატების კიდევ ერთი მოქალაქე, რის გამოც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. შტატებმა შეზღუდვებიც დააწესა. კერძოდ, უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ვირუსის გადამტანთა რისკჯგუფში შევლენ, ამერიკაში შესვლას ვერ შეძლებენ. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ავსტრალიაშიც.

"პრეზიდენტმა ტრამპმა შტატებში საგანაგებო მდგომარეობა გამოაცხადა და შემოსვლაზე შეზღუდვები დააწესა, განსაკუთრებით უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებზე, ვინც ბოლო პერიოდში ხუბეის პროვინციაში იმოგზაურა და შესაძლოა ვირუსის გადამტანი იყოს. რაც შეეხება ჩინეთიდან დაბრუნებულ შტატების მოქალაქეებს ისინი 14 დღე დაკვირვების ქვეშ იქნებიან." - აცხადებს აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრი ალექს აზარი.

"დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში შტატების 7 მოქალაქეა ინფიცირებული. პაციენტმა მანამდე უხანში იმოგზაურა, მალევე ვირუსის სიმპტომებმა შეაწუხა. ახლა ვცდილობთ იმ პირთა დადგენას ვისთანაც ინფიცირებულს ბოლო პერიოდში კონტაქტი ჰქონდა," - აღნიშნა სანტა კლარას საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა სარა კოდმა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონის თქმით, ხელისუფლებისთვის ავსტრალიელების ჯანმრთელობის დაცვა უმნიშვნელოვანესია:

"ჩვენი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში ჩვენი ერის ინეტერესები დავაყენოთ წინ. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ რათა ავსტრალიელების ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს,"- განაცხადა სკოტ მორისონმა.

ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო, კომპანია Apple-მა ჩინეთში ყველა ოფიციალური მაღაზიის დახურვას გადაწყვიტა. მანამდე თავისი ფილიალები ჩინეთში ყავის სახლმა Starbucks-მა დახურა. ეპიდემია ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა, რომელშიც ახლა კარანტინია გამოცხადებული. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორები შიშობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მაღალია და მხოლოდ ქალაქ უხანში 75 ათასს აღწევს.

დღის ამბები