"თბილისის განვითარების ფონდიდან" 50 მილიონის გაფლანგვის საქმეზე, სადაც ერთ-ერთი ბრალდებული თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავაა, მოსარჩელე მხარე მოსამართლის აცილებას ითხოვს. "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია, შალვა თადუმაძის აცილების მოთხოვნით უზენაეს სასამართლოს დღეს მიმართავს.
საქმეზე გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა გამოიტანონ.
როგორც ბექა ბასილაია ამბობს, თადუმაძე საქმის მიმდინარეობის დროს გენერალური პროკურორი იყო და დაუშვებელია ახლა უკვე გადაწყვეტილება მან მოსამართლის რანგში გამოიტანოს.
"ჩვენ ვაპირებთ შევიტანოთ აცილების შუამდგომლობა შალვა თადუმაძის საქმიდან ჩამოშორების მოთხოვნით, რადგან ის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე იმყოფებოდა იმ პერიოდში, როდესაც ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილებოდა და როდესაც საკასაციო საჩივარი მზადდებოდა პროკურორების მხრიდან. შალვა თადუმაძე შეუძლებელია მიუკერძოებელი იყოს მოცემულ საქმეზე," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
განაჩენი ე.წ. ფონდის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს უნდა გამოიტანოს. სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე ჩაივლის და მხარეს პოზიციის დაფიქსირების უფლება არ ექნება.
საქალაქო სასამართლომ ორი წლის წინ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სხვა პირებთან ერთად პარტიული ინტერესებისთვის "თბილისის განვითარების ფონდიდან" დაახლოებით 50 მილიონის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.