სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საპროკურორო საბჭოს მოუწოდებენ, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარლამენტს ირაკლი შოთაძე არ წარუდგინოს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის კონსენსუსის შედეგად უნდა მიიღონ, რაც ახალი გენერალური პროკურორის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ლეგიტიმაციას შეუწყობს ხელს.
"ჩვენ უშაულოდ საპარლამენტო სამუშაოს პირობებში გავაგრძელებთ პროცესზე დაკვირვებას. მგონია, რომ პარლამენტში ასევე უნდა გაგრძელდეს საბოლოოდ წარდგენილ კანდიდატთან ღია მოსმენა. დიდი ალბათობით ეს კანდიდატი იქნება ირაკლი შოთაძე, პარლამნეტში უნდა დაისვას ყველა არსებული კრიტიკული კითხვა. მასზე მოუწევს ამ კანდიდატს პასუხების გაცემა," - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა გურამ იმნაძემ.
"დაველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას და შემდეგ უფრო მარტივი იქნება პოზიციის დაფიქსირება. თუმცა ამ ეტაპზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კითხვის ნიშნები გვაქვს. ერთადერთი, რასაც კანონი ითვალისწინებს არის ის, რომ საბჭომ უნდა დაასაბუთოს იმ კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება, რომელსაც შეარჩევს, თუმცა არ არის ვალდებული დაასაბუთოს უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები.
ამიტომ იმ ფონზე, როდესაც არც კრიტერიუმები აქვს განსაზღვრული დ არც დასაბუთების ვალდებულება, რა თქმა უნდა რჩება კითხვის ნიშნები," - აღნიშნა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)" ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელმა მარიამ მაისურაძემ.
ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომელთაც მთავარი ბრალმდებლის პოსტზე პრეტენზია აქვთ. კანდიდატების მოსმენა საპროკურორო საბჭომ გუშინ დაასრულა.