18 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში გადასასვლელი ისევ ჩაკეტა - ე.წ. საზღვარი სავარაუდოდ მარტში ისევ გაიხსნება

საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში გადასასვლელი ჩაკეტა. "რაზდახანის" ე.წ. გამშვები პუნქტი გამვლელებს დღეს დილიდან აღარ უშვებს. პენსიონერების ნაწილი მკურნალობის მიზნით წეროვანში დარჩა, ნაწილი კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნდა.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გამშვები პუნქტი 24 იანვარს დროებით გახსნა, პენსიონერებმა ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება სექტემბრის შემდეგ პირველად შეძლეს. შესაძლებლობით ისარგებლა 200-მა პენსიონერმა, 50-ს კი საშვი არ მისცეს.

როგორც ახალგორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა "კურიერთან" საუბარში აღნიშნა, იმ 50 პენსიონერს, რომელთაც საბუთები წესრიგში არ ჰქონდათ, შესაბამისი საშვები დღეს დილიდან გადაეცათ და მას შემდეგ, რაც "რაზდახანის" გამშვები პუნქტი ისევ გაიხსნება, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა მათაც ექნებათ.

"დღეს არანაირი სატრანსპორტო საშუალება გამოსული არ არის ნამდვილად და რა ვადით არის ეს ჩაკეტილი, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს. დაახლოებით, 300-დან 400 ადამიანამდე გამოვიდა ამ დღეების განმავლობაში. 1500 კაცამდე იმყოფებოდა იქით. დანარჩენმა, როგორც ვიცით, ვერ შეძლეს აქეთ გადმოსვლა,"- განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა.

"კურიერი" წეროვანში იმყოფებოდა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ოჯახის წევრებს ესაუბრა. როგორც მათ აღნიშნეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ჯანდაცვა და ფინანსური საკითხები რჩება.

შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით და ყოველ 2 თვეში ერთხელ ე.წ. საზღვარს გახსნიან. სავარაუდოდ, "რაზდახანის" ე.წ. გამშვები პუნქტი მარტის ბოლოს გაიხსნება. 

დღის ამბები