"პოლიტიკური დევნა" - ასე შეაფასა ყველამ. ცხადია, ამ შეფასებას იზიარებს პოლიტიკური პარტია "ლელო" - ეს განცხადება "ლელოს" წევრმა კახა კოჟორიძემ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გააკეთა.
კახა კოჟორიძის თქმით, პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისიის ფორმატში "ლელოს" წარმომადგენელიც იქნება.
"ჩვენი წარმომადგენელი დღეს ამ კომისიის შემადგენლობაში იქნება და მოისმენს უშუალოდ უგულავას ადვოკატისგან დამატებით ინფორმაციას დეტალების შესახებ. რა თქმა უნდა, ზოგადი სურათი ცალსახად მიანიშნებს, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, თუმცა, ცხადია, საინტერესოა, კონკრეტული დეტალები, რაც საქმეში არსებობს,"- განაცხადა კახა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელ კომისიაში დღეს გიგი უგულავას დაკავების საქმეს განიხილავენ. კომისიის მიზანია, მოამზადოს დასკვნა ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც პოლიტიკურად არის დევნილი. კონსულტაციების შემდეგ სამომავლო გეგმები გახდება ცნობილი.