11 სექტემბერი 2026,   01:03
ვრცლად
ახალშობილის გაყიდვის საქმე - დედას ჩვილის გაყიდვა მატერიალური საშუალების არქონის გამო სურდა

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედა აცხადებს, რომ ბავშვის გაშვილება სურდა, ვინაიდან მისი გაზრდის მატერიალური საშუალება არ ჰქონდა. საქმის დეტალებზე ბავშვის ადვოკატი საუბრობს. როგორც უფლებადამცველი ამბობს, ბავშვის მყიდველები ოპერატიული მუშაკები იყვნენ და ფულის გადაცემა არ მომხდარა.

დედის უფლებადამცველი ნათელა ჩერქეზია აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ირმა მაისურაძე  საავადმყოფოში მივიდა და აბორტის გაკეთება ითხოვა, რამდენიმე ექიმმა მას შვილის გაჩენა გადააწყვეტინა. უფლებადამცველის თქმით, ჩვილის გაჩენის შემდეგ სწორედ მისი მატერიალური მდგომარეობა გახდა მიზეზი, რის გამოც მან ჩვილის გაყიდვა გადაწყვიტა.

"მისი მდგომარეობა ისეთი რთული იყო, ვერ გაზრდიდა, ამიტომ ჯერ გააჩინა და შემდეგ გადაწყვიტა გაეშვილებინა, თუნდაც ამ უკანონო გარიგებით. მივიდა ჩვეულებრივად აბორტის გასაკეთებლად, სადაც ექიმმა, ყველა კეთილსინდისიერი ექიმი ამას იზამს, შესთავაზა, რომ არ გაეკეთებინა აბორტი და გაეჩინა ბავშვი. ხომ შესაძლებელია მერე, რომ ან ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, ან რაღაც მომხდარიყო.

ეს შემადგენლობა არის ნაკლებად მძიმე დანაშაულის, ვერაფრით გაუტოლდება ის ტრეფიკინგის უმძიმეს დანაშაულს. ეს არის ჩვეულებრივი უკანონო გარიგება ბავშვის გაშვილებისა, სარგებლით," - აცხადებს ნათელა ჩერქეზია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ახალშობილის გაყიდვის საქმეზე დაკავებულია სულ 7 პირი, მათ შორის არის 4 შუამავალი, 1 დედა და 2 საავადმყოფოს ექიმი. შვიდივე მათგანს მოსამართლემ თავისუფლების სანაცვლოდ გირაო შეუფარდა. ექვსმა მათგანმა გირაო გადაიხადა, თუმცა ბავშვის დედამ თანხის გადახდა ვერ შეძლო და ის პატიმრობაში რჩება.

დღის ამბები