აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები რეორგანიზაციის სახელით დაწყებულ წმენდასა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის საფრთხეებზე საუბრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, არხის დირექტორი გიორგი კოხრეიძე აპირებს, რომ საინფორმაციო სამსახურის მოადგილეების შტატები გააუქმოს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე ამბობს, რომ დირექტორი თანამდებობებიდან მისთვის მიუღებელი პირების გათავისუფლებით სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს. მისი თქმით, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილი მასაც ჩაბარდა.
"ეს წუთია ჩამბარდა დირექტორის მოწერილი წერილი, სადაც მაფრთხილებს იმის შესახებ, რომ ჩემთან ხელშეკრულების შეწყვეტას ფიქრობს და ამის შესახებ გაფრთხილებას კანონით დადგენილ ვადაში მიგზავნის. ჩემი აზრით, უკვე დაიწყო ის, რის შესახებაც დიდი ხანია ვსაუბრობდით, ეს არის სწორედ მათთვის მიუღებელი საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლა, რომელზეც ოცნებობდნენ და ეს ბერკეტი ცოტა ხანში ალბათ გადავა იმ ადამიანების ხელში, ვისაც ძალიან უნდა აჭარის მაუწყებელში სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს,"- განაცხადა მაია მერკვილაძემ.