მარნეულში გატაცებული გოგონასა და ბიჭის ოჯახის წევრებს შორის, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებენ, როცა თავად გატაცებული არასრულწლოვანი გოგოს გამოკითხვა დასრულდება. ის თითქმის 6 საათია პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. არ გამორიცხავენ მომხდარი ქორწინებით დასრულდეს.
"ჩემი შვილი გამთენიისას სოფელ ტაზიკენტში, ბიჭის სახლში იპოვეს. მანამდე კი სამი ადგილი შეიცვალეს რის გამოც მათი მოძებნა გაჭირდა. მათ ოჯახს შერიგება უნდოდათ, რათა ბიჭი არ დაეკავებინათ. ჩემი შვილი ამბობს, რომ ბიჭის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ქალმა, მას ხელი დაარტყა და შეურაცხყოფას აყენებდა. მე ჩემი შვილის გადაწყვეტილების მიხედვით ვიმოქმედებ, რადგან მისი აზრი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია," - ამბობს მარნეულში მოტაცებული გოგონას მამა.
არასრულწლოვნის გატაცებაში ბრალდებული, 22 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა 14-საათიანი ძებნის შედეგად გამთენიისას დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, 18 წელს მიუღწეველი გოგო გაიტაცა.