20 აპრილი 2024,   04:23
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების არეალი იზრდება - აზერბაიჯანს "კოვიდ 19"-ის საფრთხე ემუქრება

აზერბაიჯანს კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ემუქრება. მიზეზი მეზობელი ირანია, სადაც ეპიდაფეთქება უკვე დაფიქსირდა. კოვიდ 19-ზე ეჭვის გამო დღეს კარანტინში კიდევ 29 ადამიანი მოათავსეს.

რისკებს ზრდის ის გარემოებაც, რომ ყველა მათგანი მანამდე ირანში იმყოფებოდა. იზოლაციაში მყოფი 52 ადამიანი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება. კარანტინში გადაყვანილებს შორის არიან ირანის მოქალაქეებიც. იზოლაციაში მყოფებიდან მაღალი ტემპერატურა მხოლოდ ორს აღენიშნება. ოფიციალური ბაქო ჯერჯერობით პანიკის საფუძველს ვერ ხედავს და მოქალაქეებს მოუწოდებს, სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ.

აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანაა კავკასიაში, რომელიც მეზობელ ირანთან საზღვრის ჩაკეტვას ჯერჯერობით არ აპირებს იმის მიუხედავად, რომ ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანია გარდაცვლილი, 139 კი ინფიცირებული.

თეირანის მიერ გავრცელებულ სტატისტიკას უნდობლობას უცხადებს ამერიკის შეერთებული შტატები. მაიკ პომპეო ირანს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია გაავრცელოს. თეირანი კი ვაშინგტონს პანიკის დათესვაში ადანაშაულებს. 

დასავლური მედიის ცნობით, ირანში კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს, 118-მა კი გაფრთხილება მიიღო. სანამ თეირანი ვირუსზე ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას აკონტროლებს, ვაქცინის შექმნაზე აქტიურად მუშაობს შტატები.

პარალელურად კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატის - რემესივირის კლინიკური გამოცდა საკრუიზო გემიდან ევაკუირებულ პაციენტზე დაიწყეს, მედიკამენტი მანამდე ებოლას საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ამერიკელებს შესაძლო რისკების შესახებ აფრთხილებს, სან-ფრანცისკოში უკვე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

მსოფლიო მასშტაბით კოვიდ 19-ით შტატების 57 მოქალაქეა ინფიცირებული. მათ შორისაა სამხრეთ კორეაში მყოფი ამერიკელი სამხედრო, რომელიც კემპ კეროლის ბაზაზე იმყოფებოდა. სამხრეთ კორეა ის ქვეყანაა, სადაც ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

საბერძნეთი და ბრაზილია ის ორი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევები ოფიციალურად დღეს დადასტურდა. ლათინურ ამერიკაში პირველი დაინფიცირებული სან-პაულოს მცხოვრები 61 წლის კაცია, რომელიც მანამდე იტალიაში მოგზაურობდა. იტალიაში იმყოფებოდა კოვიდ 19-ით ინფიცირებული ბერძენი ქალიც. 38 წლის პაციენტი თესალონიკის ერთ-ერთ კლინიკაშია იზოლირებული.

კარანტინში რჩება ესპანეთში, კუნძულ ტენერიფეზე ერთ-ერთი სასტუმროს 1000-მდე ვიზიტორი. საგანგებო ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 4 ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ესპანეთში სულ 9 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის ერთი ბარსელონაში. გაცილებით რთული ვითარებაა იტალიაში, სადაც 12 დაღუპული და 374 ინფიცირებულია, მათ შორის 4 ბავშვი. კორონავირუსით ინფიცირებულთათვის ლოცულობს რომის პაპი.

ვირუსმა, ბოლო ინფორმაციით, 2768 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის 2717 ჩინეთის მოქალაქეა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 80 ათასს აღწევს.

"სიტუაცია რთულია, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა,"- ამბობენ ჩინელი ექიმები და გლობალურ დახმარებას ითხოვენ.

უხანში 25 000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია გაგზავნილი. თუმცა, საკმარისი არაა. კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა ჯანდაცვის სფეროს 1 700 წარმომადგენელი, ექვსი კი გარდაიცვალა.

დღის ამბები