19 აპრილი 2024,   02:04
ვრცლად
ინფექციურ საავადმყოფოში 14 პაციენტი ამ დრომდე რჩება - საავადმყოფო დამატებით ბოქსებს ამზადებს

ცოტა ხნის წინ დასრულდა საგანგებო ბრიფინგი ინფექციურ ცენტრში. ამ დროისთვის არანაირი კორონავირუსი საქართველოში დადასტურებული არ არის, ყველანაირი პანიკა კი ბევრად საშიშია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული დაავადება.

იმის გამო, რომ ერთდროულად 14 საეჭვო შემთხვევაა გადასამოწმებელი, საბოლოო ლაბორატორიული პასუხი მოგვიანებით იქნება, თუმცა ამ ეტაპზე ყველა სხვა მონაცემით მათ კოვიდ 19-ის ნიშნები არ აქვთ. 

სახელმწიფო კანცელარიაში კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი ჩაინიშნა.

ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ბრიფინგზე მარინა ეზუგბაიამ განმარტა, ლუგარის ლაბორატორიის პასუხების დაგვიანება პაციენტების რაოდენობამ განაპირობა. მისივე თქმით, საქართველო დაბალი რისკის ქვეყანაა.

ინფექციური საავადმყოფო კი დამატებით სტაციონარებს ამზადებს, რათა პაციენტების მოჭარბების შემთხვევაში კლინიკამ მდგომარეობასთან გამკლავება შეძლოს.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ ამ დრომდე რჩება 14 პაციენტი.

ირანის 3, ჩინეთის 1 და საქართველოს 9 მოქალაქე, რომლებიც ქვეყანაში იტალიიდან ჩამოვიდნენ.

ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ პაციენტებს შორის 1 არასრულწლოვანიც არის.

ყოველი მათგანი კლინიკაში მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკი მატულობს, ამას ჯანდაცვის მინისტრიც ადასტურებს. უწყებაში ამბობენ, რომ კოვიდ 19-ის დაფიქსირების შემთხვევაში ქვეყანა მზად არის, დაავადებას გაუმკლავდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღრიცხვაზე ჰყავს მოქალაქეები, რომლებიც იმ ქვეყნებში იმყოფებიან, სადაც უკვე გავრცელებულია კორონავირუსი.

საელჩოები მუდმივ კონტაქტზე არიან მათთან და შესაბამის დახმარებასაც უწევენ.

საქართველოს მთავრობამ ზარალი დათვალა - კორონავირუსის პრევენციისთვის უკვე ამოქმედებული შეზღუდვების, შეჩერებული ავიამიმოსვლის გამო ქვეყანა თვეში 30 მლნ ლარს კარგავს. მაგრამ შეზღუდვის მოხსნას ეპიდსიტუაციის გამოსწორებამდე ხელისუფლება არ აპირებს.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი შეიქმნა.

არაბრენდირებულ აფთიაქებში ფასიც საგრძნობლად გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რამდენიმე დღეში პირბადეების დეფიციტი შეივსება და აფთიაქებშიც შესაბამის ფასად გაიყიდება.

დღის ამბები