ლაგოდეხის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შემოსულ მგზავრებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენელი ამოწმებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო დრო იმ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა.
ექიმ-ეპიდემიოლოგის მაკა ხმალაძის თქმით, მგზავრებს შორის არიან ისეთი მოქალაქეებიც, ვინც ბოლო დროს ირანის საზღვარი გადაკვეთა, მათ საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე საზღვარზე შემოსვლის უფლებას არ აძლევენ, თუმცა ამ დრომდე შემოწმებულ მგზავრებს შორის ვირუსის სიმპტომი არ დაფიქსირებულა.
ლაგოდეხში, საზღვრის კვეთისას ვირუსის სავარაუდო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მგზავრებს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. ამასთან, პროტოკოლით გათვალისწინებული დაკვირვების ფარგლებში, გუშინ ლაგოდეხის გამშვები პუნქტიდან სამ მგზავრს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს. მათ შორის იყო ერთი საქართველოს, ხოლო ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე.