23 ოქტომბერი 2020,   13:20
ვრცლად
სახვითი ხელოვნების მუზეუმი ესმა ონიანის გამოფენას მასპინძლობს

სახვითი ხელოვნების მუზეუმი ესმა ონიანის გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე გამოიფინა ფერმწერის, გრაფიკოსის, პოეტისა და ესეისტის სხვადასხვა შემოქმედებით ეტაპზე შექმნილი ნამუშევრები. პირადი ნივთები, წერილები, ამონარიდები მისივე პოეზიიდან, დოკუმენტური ფილმი არტისტის შესახებ და ნახატების ახალი კატალოგი კომპლექსურად ქმნის ესმა ონიანის განსხვავებულ რაკურსს. მე-20 საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ მხატვარს სიცოცხლეში გამოფენა არასდროს ჰქონია.

გამოფენაზე ხელოვანის პორტრეტიზაცია უცნობი და რარიტეტული ნამუშევრებით მოხდება. ნივთები, რომელიც როგორც მუზეუმის, ისე კერძო კოლექციებიდან მოგროვდა. ექსპოზიცია ესმა ონიანის ხელწერისთვის დამახასიათებელ მრავალშრიან "მეწამულისფერ სამყაროს" გააცოცხლებს. 

მე-20 საუკუნის გამორჩეულ მხატვარს, რომელიც ასევე მუდმივად წერდა ლექსებს და ესეებს, სიცოცხლეში გამოცემული ჰქონდა 4 კრებულიც, თუმცა ამის შესახებ ცოტამ თუ იცოდა. სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება მისი ლექსებიც.

გამოფენასთან დაკავშირებით გამოიცა ესმა ონიანის ალბომი, რომელშიც გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად, მისი ლექსებია თავმოყრილი. ალბომში ესმა ონიანის აქამდე უცნობი ნამუშევრებიც შევა.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები