კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, ერთი კვირით ადრე დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში სკოლებში დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა საბავშვო ბაღებსა და თბილისის სახელოვნებო სკოლებშიც. დეზინფექცია შენობებში პროფილაქტიკის მიზნით ჩატარდება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე იგეგმება სპეციალური წმენდის ჩატარება საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.
პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტებშიც. ქუთაისის აეროპორტიდან დღეს ბოლონიის რეისის ორი მგზავრი მედიკოსებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მათგან ერთი, სამხედრო პირია, რომელიც რისკის ზონაში იმყოფებოდა. მეორეს კი ტემპერატურა აღენიშნებოდა.
კორონავირუსის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებით რეისები 8 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით გაუქმდა. Ryanair-მა კი მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 9 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდში გაანახევრა. ფრენები 4-ის ნაცვლად, კვირაში ორჯერ შესრულდება.
მგზავრებისთვის საგანგებო ზომებია მიღებული თბილისის აეროპორტში. იქ ჩამოსულ იაპონიის მოქალაქეებს დღეს იაპონიის ელჩი დახვდა, რომელიც საზღვრის მართვის კონტროლის მექანიზმებს ადგილზე გაეცნო. მანამდე მან ინფორმაცია ოფიციალური უწყებისგანაც მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. პარალელურად ქვეყნდება რეკომენდაციები მგზავრებისთვის, როგორც მაღალი რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან, ასევე თვითმფრინავის ბორტზე ქცევის ნორმებისა და თვითიზოლაციის წესების შესახებ.
საგანგებო განცხადებას ავრცელებს საქართველოში ირანის საელჩო. დიპლომატიური მისიის ცნობით, ქვეყანაში შექმნილია კორონავირუსთან ბრძოლის შტაბი და პრეზიდენტის ბრძანებით, ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო ზომებს ატარებს. თეირანში არსებულ ვითარებაზე "კურიერს" დეტალურად ესაუბრა ირანში მყოფი საქართველოს მოქალაქე.
ამ დროისთვის, საქართველოში საჰაერო მიმოსვლა რამდენიმე მიმართულებით, შეზღუდულია. ირანთან კი ფრენები დროებით სრულად გაუქმდა. რაც შეეხება სახმელეთო მიმოსვლას, ირანიდან საქართველოში გამკაცრებული რეგულაციების გამო მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შემოუშვებენ, რომლებსაც პირდაპირ კარანტინში მოათავსებენ.