ბათუმში, ლიფტის შახტში ჩავარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანმა ლიფტის კარი გახსნა, ის შახტში მე-7 სართულის სიმაღლიდან არის გადავარდნილი.
მოზარდი მრავლობითი დაზიანებებით ბათუმის დედათა და ბავშვთა კლინიკის რეანიმაციაში მოათავსეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმებს ამ ეტაპზე პროგნოზების გაკეთება უჭირთ. მომხდარზე ოჯახის წევრები არ საუბრობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს, გაუფრთხილებლობით.