18 ნოემბერი 2024,   09:57
ვრცლად
მარიანა ჩოლოიანი დღეს პროცესს პირველად დაესწრო, ის სახელმწიფოს მიერ წაყენებულ არცერთ ბრალს აღიარებს

ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს. 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მარიანა ჩოლოიანი დღეს პირველ პროცესზე წარსდგა და პირველი განცხადება გააკეთა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საქმეზე დასაკითხ პირთა შორის არასრულწლოვანებიც არიან, რაც ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.

მარიანა ჩოლოიანმა, რომელიც დღეს პროცესს პირველად დაესწრო, აღნიშნა, რომ არცერთ ბრალდებაში, რომელიც სახელმწიფომ წარუდგინა, თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ ბრალდების სახელმძღვანელოში დღემდე მხოლოდ ერთი პირის ჩვენებაა.

"სხვა ჩვენება ფიზიკურად არ არსებობს. სახელმწიფო ბრალდებას რაოდენობრივად ბევრი ადამიანი ჰყავს გამოკითხული, თუმცა ისინი მარიანა ჩოლოიანის ბრალზე არ საუბრობენ,"- განაცხადა გაგა მოსიაშვილმა.

პროკურორი ლევან ქუთათელაძე კი აღნიშნავს, რომ სხდომა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვით დაიხურა.

"ყველა ის მტკიცებულება რაც გვაქ ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაულის ორი ეპიზოდი,"- განაცხადა პროკურორმა.

მომდევნო პროცესი 9 მარტს 11:00 საათზე არის ჩანიშნული.

15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

ამავე თემაზე
დღის ამბები