სააპელაციო სასამართლოში ბანკი "ქართუს" საქმეზე მსჯავრდებულების, ნიკა მელიას და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს განიხილავს. აღნიშნულ საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2013 წელს წაუყენეს. გამოძიება ყოფილი იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და აღსრულების ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელ ნიკა მელიას "ქართუ ბანკის" პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობას ედავება.
ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი მდინარაძე იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განხილვა იქნება ობიექტური და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი.
"ჩვენ ვითხოვთ იმ ბრალდებაში, რომელშიც დამნაშავედ იცნო ნიკა მელია, მის გამართლებას. სრულ გამამართლებელ განაჩენს. თავის მხრივ, პროკურორი ითხოვს, რომ გამტყუნდეს იმ ბრალდებაშიც, რაშიც გამართლდა. შესაბამისად, დღეს იმედი გვაქვს, რომ განხილვა იქნება ობიექტური და ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი. მტკიცებულებები არ არსებობს, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ნიკა მელიას რაიმე კავშირი ჰქონდა ქართუ ბანკის გაკოტრების საქმესთან,"- განაცხადა გიორგი მდინარაძემ.
2 დეკემბერს საქალაქო სასამართლომ მელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდში დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა. ჯარიმის გარდა, ნიკა მელიას 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, სწორედ ეს გახდა მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საფუძველიც.