11 სექტემბერი 2026,   04:35
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქალაქო სასამართლო მოქალაქეთა ვიზიტებს ზღუდავს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლო ვიზიტორებს მოუწოდებს, თავი შეიკაონ სასამართლოში ვიზიტისგან თუ გადაუდებელი საქმე არ არის - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

პრევენციაზე და რეკომენდაციებზე დღეს საქალაქო სასამართლოში ბრიფინგი სპიკერ-მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გამართა.

"კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებისა და საშიშროების გათვალისწინებით მიზანშეწონილად მივიჩნევთ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებული მდგომარეობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოველდღიურად საშუალოდ სამი ათასამდე მოქალაქე სტუმრობს და დახურულ სივრცეში - სასამართლო სხდომის დარბაზებში ასობით პროცესი ტარდება.

სასამართლოში არაერთხელ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, თუმცა მიუხედავად ამისა, ვიზიტორთა სიმრავლის გათვალისწინებით, რისკები კორონავირუსის გავრცელებასთან მიმართებით პოტენციურად მზარდია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პროცესზე დამსწრეთა, პატიმრებისა და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გარდა გადაუდებელი საჭიროებისა და შემთხვევებისა, შეძლებისდაგვარად შეამციროთ ვიზიტები სასამართლოში.

მაქსიმალურად შეზღუდეთ სასამართლოში ვიზიტები იმ მოქალაქეებმა, რომლებიც არ ხართ პროცესის მონაწილე მხარეები და თქვენი სასამართლოში მობრძანება არ უკავშირდება გადაუდებელ საჭიროებას. იმედი გვაქვს, გაგებით მოეკიდებით სასამართლოსთან მიმართებით არსებულ გამოწვევას, გაითვალისწინებთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს და ერთობლივი ძალისხმევით გადავდგამთ ნაბიჯებს კორონავირუსის პრევენციის თვალსაზრისით," - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

დღის ამბები