მასშტაბური კიბერთაღლითობა და მითვისებული 42 ათასი ლარი - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტ ტოტალიზატორების საშუალებით ათეულობით მოქალაქის პირადი ანგარიშიდან თანხების მოხსნის საქმე გახსნა. გაშიფრულია 2 დანაშაულებრივი სქემა, დაკავებულია 4 პირი.
როგორც დაზარალებულები აცხადებენ, იანვრის თვეში ღამის საათებში მათ ბანკის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, ახორცილებდნენ, თუ არა სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციებს.
დაზარალებულების ანგარიშებიდან კიბერთაღლითებმა სხვადასხვა რაოდენობის თანხა მიითვისეს. დაზარალებულებმა ბანკის წარმომადგენლებს სთხოვეს დაებლოკათ მათი ანგარიშები.
"21 იანვარს ღამის 3:00 საათზე დამირეკეს "თიბისი" ბანკიდან, ტრანზაქციას თქვენ ხომ არ ახორციელებთო მკითხა, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი და ვთხოვე ყველა ანგარიში დაებლოკათ. კიდევ კარგი დამიბლოკეს, თორემ კიდევ მეტ თანხას წაიღებდნენ. 8 300 ლარი წაიღეს ჯამში," - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
"3 იანვრის ღამეს დაახლოებით პირველის ნახევარზე დამირეკა ბანკის თანამშრომელმა და მითხრა, რომ ჩემი ანგარიშიდან ხორციელდება გადარიცხვები ერთ-ერთ ტოტალიზატორში. მკითხა მე, თუ ვაკეთებდი ამას, ვუპასუხე, რომ არა და ვთხოვე ბარათი სასწრაფოდ დაებლოკა. დაბლოკეს მაგრამ თანხა წავიდა," - განაცხადა დაზარალებულმა ირაკლი ვახტანგიშვილმა.
"16 იანვარს მოხდა, გამთენიისას 5:00 საათზე და დილას სმს-ები ვნახე, რომ ჩამოჭრილი იყო თანხა 1 800 ლარი. რამდენიმე ტრანზაქციად იყო გადარიცხული. დაკავებულია ორი პიროვნება ჩემს საქმეზე, ბათუმიდან არიან," - აღნიშნა დაზარალებულმა ლევან ბოლქვაძემ.
გამოძიება ანგარებით ჩადენილ პერსონალური მონაცემების ხელყოფის, ქურდობის, თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.