"მორიგი წერტილი დაესვა სასამართლოს თავისუფლების იდეას ამ ხელისუფლების პირობებში," - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურის შერჩევას გამოეხმაურა.
ანა დოლიძის შეფასებით, ნინო ქადაგიძე ხელისუფლებისთვის კარგი დასაყრდენი იქნება.
მისივე განმარტებითვე, შალვა თადუმაძის კანდიდატურა დიდ კრიტიკას იმსახურებდა.
"იმ მძიმე პერიოდში, რომელსაც უზენაესი სასამართლოს რეპრესიული მანქანა ემსახურებოდა, ნინო ქადაგიძე იყო ამ მანქანის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, "სისხლიან 9 წელს" ვგულისხმობ. ხელისუფლებისთვის ის იქნება არაჩვეულებრივი დასაყრდენი, არაფერი მოულოდნელი არ იქნება.
რაც შეეხება თადუმაძეს, ჩატარდა ოპერაცია "ეს ბიჭი გადამალეთ". თადუმაძის შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა არამხოლოდ კეთილსინდისიერება, არამედ კომპეტენტურობის საკითხი," - აღნიშნა ანა დოლიძემ.
პროცესს სპექტაკლს უწოდებს იუსტიციის კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.
"ეს იყო ჩვეულებრივი სპექტაკლი. მე არ ვიცი საერთოდ, რატომ იმსჯელეს დღეს თადუმაძესთან დაკავშირებით ან კონსულტაციების დროს. ვის ატყუებენ ამით, ნამდვილად არ ვიცი, ალბათ ისევ თავის თავს ატყუებენ და ერთობიან უბრალოდ ამ პროცესებით. ძალიან სამარცხვინოა, რომ სასამართლო სისტემა დაემსგავსა ერთგვარ თამაშს, იმიტომ რომ თუ არ განიხილებოდა და არ იქნებოდა ამ ადამიანის სახელი და გვარი დასახელებული, რატომ მოაწყვეს ეს კონსულტაციები და რატომ არ გაითვალისწინეს მოსამართლეების მოსაზრება," - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეირჩა. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ქადაგიძეს ნდომა საბჭოს 12-მა წევრმა გამოუცხადა. კანდიდატურა განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება. დეპუტატთა სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს 10 წლის ვადით დაიკავებს. გადაწყვეტილების მიღებამდე იყო მოლოდინი, რომ პოსტზე შალვა თადუმაძეს აირჩევდნენ.