18 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ქადაგიძე ე.წ. კლანის დამრტყმელი წევრია - ოპოზიცია ნინო ქადაგიძის კანდიდატურის შერჩევას ეხმაურება

თადუმაძე იქნება თუ სხვა ადამიანი შერჩეული, ამას ფუნდამენტური მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურის შერჩევას გამოეხმაურა.

"საბოლოო ჯამში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის აირჩევდა ივანიშვილი უზენაესის თავმჯდომარედ. იმიტომ, რომ უზენაესში შეიყვანა ის მოსამართლეები, რომლებიც პირდაპირ არიან კლანის წევრები და პირდაპირ მასზე დაქვემდებარებულები. ახლა თადუმაძე იქნება თუ სხვა ადამიანი შერჩეული, ამას ფუნდამენტური მნიშვნელობა არ აქვს. გადააგდეს თუ არა თადუმაძე, ეს არაფერს არ ნიშნავს, საბოლოო ჯამში, ეს უზენაესი სასამართლო, თავისი ახალი თავმჯდომარიანად, არის ბოლომდე დაქვემდებარებული ივანიშვილზე," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, კონკრეტული კანდიდატურა ნდობას არ იმსახურებს. მისი განმარტებით, ქადაგიძე ე.წ. კლანური მმართველების ერთგვარი გამგრძელებელი იქნება.

"ქალბატონი ქადაგიძე ბრძანდება კლანის ერთგული და მთავარი წევრი. ის იყო იმ 10-კაციან სიაში, რომელიც პარლამენტში იყო შემოსული და რომელმაც გამოიწვია ძალიან დიდი ვნებათამღელვარება და მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა. სწორედ ამ 10-კაციანი სიიდან ხელმეორედ იქნა წარმოდგენილი როგორც კლანის პირველი ეშელონის წევრი, დამრტყმელი წევრი. ასე რომ, როგორც მოსალოდნელი იყო მივიღეთ დანიშვნა, რომელიც იქნება მართული ხელისუფლების მხრიდან," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეირჩა. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ქადაგიძეს ნდომა საბჭოს 12-მა წევრმა გამოუცხადა. კანდიდატურა განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება. დეპუტატთა სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს 10 წლის ვადით დაიკავებს. გადაწყვეტილების მიღებამდე იყო მოლოდინი რომ პოსტზე შალვა თადუმაძეს აირჩევდნენ.

დღის ამბები