ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კორონავირუსით დაინფიცირებული არცერთი პაციენტი არ გამოჯანმრთელებულა. მისი თქმით, პნევმონიის დროს, გამოჯანმრთელების პერიოდის გახანგძლივება ხშირია.
"მივიღეთ დღეს 8 პაციენტის პასუხი, ყველა მათგანი უარყოფითი იყო. დადებითი იყო მხოლოდ 2 კვირის წინ შემოსული პაციენტის ტესტის პასუხი, მისი მოლეკულური კვლევა კვლავ დადებითია. 2 კვირა კი გავიდა, მაგრამ არ ველოდებოდით აუცილებლად, რომ იქნებოდა უარყოფითი პასუხი, იმიტომ, რომ ამ პაციენტს ჰქონდა ფილტვების ანთება. ამ შემთხვევისთვის, ამ პაციენტის სტაციონარში დაყოვნება კიდევ 1 კვირა იქნება საჭირო და თუ 24 საათის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ პასუხი უარყოფითი იქნება, გაეწერება. ყველას, ვისაც დაუფიქსირდა COVID 19 და გავუმეორეთ, ისევ ჰქონდა დადებითი. ანუ, ჯერ ჯერობით გამოჯანმრთელებული არ ფიქსირდება. პირველ შემთხვევას, 26 თებერვალს დაინფიცირებულ პაციენტს, ხვალ ან ზეგ ავუღებთ ტესტს, თუმცა მასაც ჰქონდა ფილტვების ანთება და არ ველოდებით, რომ პასუხი მაინცდამაინც უარყოფითი იქნება. ისეთ შემთხვევებში, როდესაც პაციენტებს აქვთ პნევმონია, შეიძლება გახანგძლივდეს გამოჯანმრთელების პროცესი."-განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მისივე ინფორმაციით, შედარებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი მეოთხე დაინფიცირებულის, 44 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, ხოლო დაინფიცირებული არასრულწლოვნის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში იმყოფება 45 პაციენტი, მათ შორის 20 COVID 19-ითაა ინფიცირებული. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.