18 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
პანდემიად გამოცხადებული COVID-19 - კორონავირუსი უკვე მსოფლიოს 125 ქვეყანაშია გავრცელებული

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა 11 მარტს კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა.

"ჩვენ არასოდეს გვინახავს პანდემია რომელიც კორონავირუსისგანაა გამოწვეული, ეს არის პირველი პანდემიის შემთხვევა, რომლის გაკონტროლება ჩვენ შეგვიძლია" - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ამ დროისთვის ვირუსი სახელწოდებით COVID-19 მსოფლიოს 125 ქვეყანაშია გავრცელებული.

ბოლო მონაცემებით, რომელიც ინტენსიურად იცვლება, ევროპულ რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 47 ქვეყანაშია დაფიქსირებული, დაინფიცირებულთა რაოდენობა 22 ათასზე მეტია, ხოლო გარდაცვლილია 944.

განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა შემდეგ ევროპულ ქვეყნებში - იტალია, რომლის ხელისუფლებამაც ქვეყანა წითელ ზონად გამოაცხადა, აქ 12462 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილია 827. აღსანიშნავია, რომ იტალიაში 1000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქეცაა.

დაინფიცირებულთა რაოდენობით ევროპაში მეორე ადგილზეა საფრანგეთი, 2281 პაციენტი და 48 გარდაცვლილი.

დაინფიცირებულთა საკმაოდ დიდი რიცხვია ესპანეთშიც 2277, გარდაცვლილთა რიცხვი კი 55-ს აღწევს,

COVID-19 -ით დაავადების ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გერმანიაში -1966 დაინფიცირებული და 3 გარდაცვლილი.

კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელია სკანდინავიის ქვეყნებშიც (ნორვეგია-703, დანია-615, შვედეთი-599), თუმცა არ არიან გარდაცვლილები. 460 ადამიანი ებრძვის კორონავირუსს დიდ ბრიტანეთში, აქ 8 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში: თურქეთში არის დაინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა, ასევე კორონავირუსით დაავადების 1 შემთხვევაა სომხეთშიც, რაც შეეხება აზერბაიჯანს აქ 9 შემთხვევაა დაფიქსირებული. რაც შეეხება ოკუპანტ რუსეთს აქ COVID-19-ით დაავადების 28 შემთხვევაა.

დაინფიცირებულთა რაოდენობა ასევე ძალიან მაღალია ირანში - 10 ათასზე მეტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 429-ს აღწევს , ეს მაჩვენებელი გაცილებით უფრო ნაკლებია ვიდრე იტალიაში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების გამოჯანმრთელების მაჩვენებელი ყოველდღიურად უმჯობესდება გარდაცვალების მაჩვენებელთან შედარებით. 2 თებერვლიდან გუშინდელ დღემდე პაციენტების 94% გამოჯანმრთელდა და გარდაცვალების მაჩვენებელი მხოლოდ 6%-ია.

დღის ამბები