დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობის გათვალისწინებით, ჯერ რაიმე სტატისტიკაზე საუბარი არასერიოზულია. ამის შესახებ იმნაძემ დაავადებულთა შორის ბავშვების რაოდენობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
"ბავშვებს არ ეკარება არავის უთქვამს, სტატისტიკაზე ლაპარაკი, როცა შემთხვევების რაოდენობა 40-იც არ არის ქვეყანაში, არასერიოზულია. როცა ჩინეთმა გამოაქვეყნა სტატისტიკა 75 ათას შემთხვევაზე, იქიდან შეიძლება გამოიყვანო სტატისტიკა. ჯერჯერობით, ბავშვები ისევ რჩებიან როგორც დაბალი რისკის მქონე, როგორც დაავადების მიმღებლობის, ასევე დაავადების სიმძიმესთან დაკავშირებით. თუმცა, ბავშვები რისკს წარმოადგენენ გავრცელებასთან დაკავშირებით, რადგან მათ თვითონ მსუბუქად გადააქვთ, შეიძლება იყვნენ დამატებითი წყარო გავრცელებისა ბაბუებისა და ბებიებისთვის,"- აღნიშნა იმნაძემ.
იმნაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ არსებობს ინიციატივები მოხალისეთა მუშაობის გამოყენებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მსგავს წინადადებაზე უარს ამბობს:
"ჩვენ მოხალისეებს ვერ გამოვიყენებთ ვერც ლაბორატორიაში, ვერც კონტაქტების მოძიებაში და ვერც მათ მეთვალყურეობაში," - განაცხადა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, პროგნოზებზე საუბარი მიზანშეწონილი არაა და შესაბამისი უწყებები იმოქმედებენ ეპიდსიტუაციის მიხედვით:
"ნოსტრადამუსი და ვანგა ნამდვილად არ ვარ, ყველაფერი გაკეთდება იმის მიხედვით, რაც იქნება მოსალოდნელი ეპიდსიტუაცია," - აღნიშნა იმნაძემ.