პრემიერ-მინისტრის მრჩეველის რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარის განცხადებით, მარნეულის რაიონში ამ დროისთვის სიმშვიდეა. მისი თქმით, აუცილებელი ობიექტების გარდა, პურის საცხობის, სასურსათო მაღაზიებისა და ბანკების გარდა, მუნიციპალიტეტში ყველაფერი დაკეტილია.
სოზარ სუბარის თქმით, ადგილობრივებს ეძლევათ საშუალება საველე სამუშაოები შეასრულონ, თუმცა დაწესებული მკაცრი წესების დაცვით.
ასევე მარნეულში შექმნილია 10 ჯგუფი, მასში შედიან მოხალისეები და თითო ექიმი, რომლებიც ყველა იმ საეჭვო ოჯახს შეამოწმებენ, რომელთაც შესაძლო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ ქალთან.
"სრული სიმშვიდეა. ყველაფერი დაკეტილია იმ აუცილებელი ობიექტების გარდა, რომლებიც განსაზღვრული იყო, რომ არ უნდა დაკეტილიყო. ეს არის მაგალითად პურის საცხობი, სასურსათო მაღაზია, ბანკი, სხვა არაფერი არ მუშაობს.
ადამიანებს საშუალება ეძლევათ, რომ გავიდნენ საველე სამუშაოებზე, შეასრულონ, ოღონდ მკაცრი წესების დაცვით, ანუ მანქანაში არ უნდა იჯდეს 2 ადამიანზე მეტი, არ მოძრაობენ მიკროავტობუსები და ა.შ.
შექმნილია 10 ჯგუფი, რომელშიც შედიან მოხალისეები და თითო ექიმი ყველა ჯგუფში. ესენი არიან განკუთვნილი იმისათვის, რომ უნდა შეამოწმონ თითოეული ადამიანი, თითოეულ ოჯახში უნდა შევიდნენ. თავდაპირველად დაიწყებენ იმ სოფლების თუ იმ უბნების შემოწმებას, სადაც ჩვენთვის წინასწარ ცნობილი ინფორმაციით ყველაზე მეტი შეიძლება იყოს საფრთხე, ანუ სადაც დაინფიცირებული ადამიანები მოძრაობდნენ და სადაც ჰქონდათ კონტაქტი, ხოლო შემდეგ გადავლენ მთელ დანარჩენ მოსახლეობაზე.
შექმნილია ასევე 40-მდე ჯგუფი მოხალისეების და ამ ჯგუფების შექმნა გრძელდება, რომლებიც დაეხმარებიან სოციალურად დაუცველებს, მოხუცებულებს, რომ მიაწოდონ სურსათი და ყველა ის აუცილებელი საჭიროება რაც აქვთ, ანუ ვთქვათ თუ კი ასაღები აქვთ პენსია, არის ადამიანი ასაკოვანი, მატ ნაცვლად წავლენ და მოემსახურებიან, რომ ისინი არ გამოვიდნენ სახლიდან," - აცხადებს სოზარ სუბარი.