სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ახალციხეში, სადგურის მიმდებარედ საკარანტინო ზონაში არსებულ სასტუმრო Grand palace-ში პერსონალს შეხვდა და არსებულ სიტუაციას გაეცნო.
საქართველოში უცხოეთიდან შემოსული მოქალაქეებისთვის ორკვირიანი კარანტინი დაწესდა. რეგიონში აბასთუმნის გარდა, საკარანტინო ზონა ბაკურიანის 3 და ახალციხის 1 სასტუმროში მოეწყო.
"პირებს, რომლებიც განთავსებული არიან კარანტინში, არ აღენიშნებათ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები. პრემიერ-მინისტრის დავალებით პირად კონტროლზე გვყავს აყვანილი საკარანტინო ზონები, სადაც განთავსებულნი არიან ჩვენი მოქალაქეები. 24 საათის განმავლობაში მორიგეობს ეპიდომიოლოგთა ჯგუფი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკარანტინო ზონაში ჩვენი მოქალაქეებისთვის ყოფნა იყოს მაქსიმალურად კომფორტული," - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.
საკარანტინო ზონებში არსებული პირობები მისაღებია კარანტინში მყოფი პირებისთვის, სტანდარტი სრულად აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნას და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად ყველა პირობა დაცულია.